weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გზები აჭარაში

15:16 პარასკევი, 25 მაისი 2018

აზიური ფაროსანას გავრცელების ძირითადი არეალი აჭარაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის ის სოფლებია, რომლებიც ახლოს არის გურია-აჭარის ადმინისტრაციულ საზღვართან. გავრცელების კერებია ასევე ქალაქ ბათუმს შემოერთებული ტერიტორიები, აეროპორტის დასახლება და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში ამბობენ, რომ მავნებელი, რომელთან ბრძოლაც აჭარის ტერიტორიაზე დაწყებულია, დაახლოებით ერთ კვირაში გამოჩნდება ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.

შეწამვლის ღონისძიებები რეგიონში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კერძო ნაკვეთების შეწამვლა არ იგეგმება. ფერმერმა აჭარაში საკუთარ ნაკვეთს თავად უნდა მიხედონ – თუმცა მათ შესაწამლი პრეპარატებით მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფს.

„აჭარაში მიდგომა გვაქვს ოდნავ განსახვავებული, ვიდრე სხვა რეგიონებში. ჩვენთან მუნიციპალიტეტების მიხედვით გადანაწილებულია პრეპარატები, ამასთან სამინისტრო თანადაფინანსებით არიგებს შესასხურებელ აპარატებს. ვმუშაობთ იმ კუთხით, რომ ეს აპარატები გამოყენებული იქნას ფაროსანას საწინააღმდეგოდ – ფერმერებს მივაწვდით საკმარისი რაოდენობით პრეპარატებს, რაც მუნიციპალიტეტებზეა გადაცემული, იმ პირობით, რომ ფართობები აუცილებლად დაიწამლება. გვაქვს კონსულტაციები თითოეული სოფლის დონეზე და წამლობას ივნისიდან დავიწყებთ“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მამუკა თურმანიძემ. მუნიციპალიტეტებში ასევე აცხადებენ, რომ ფაროსანასთან საბრძოლველად ფერმერებს მაქსიმალურად დაეხმარებიან.

სახელმწიფოს მიერ გასულ წელს მოსახლეობისთვის დარიგებული ბიფეტრინის შემცველი ქიმიური საშუალებები აბსოლუტურ უმრავლესობას არ გამოუყენებია. მოსახლეობის ჯგუფები დღემდე ფიქრობენ, რომ ამ შხამქიმიკატის გამოყენება საშიშია – ადამიანებისთვის, პირუტყვისთვის და ფუტკრისთვის.

ქობულეთის სოფელ კონდიდში მცხოვრები მალხაზ კენჭაძე ამბობს, რომ შხამქიმიკატი, ზოგადად, ყველა საშიშია, თუ არ იქნება დაცული უსაფრთხოების წესები: „შესაბამისი წესების დაცვა კი ყველა პრეპარატს სჭირდება, რადგან ყველა არის შხამი – პირველი, მეორე, მესამე კლასის შხამი. ამიტომ, შეწამლვის დროს ვიყენებ გაუმტარი დამცავ ტანსაცმელს, ხელთათმანებს, პირბადეს და სათვალესაც ვიკეთებ აუცილებლად“.

ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი, გასულ წელს მალხაზ კენჭაძემაც აიღო. მან პრეპარატი წელს გამოიყენა.

„შარშან ცოტა დაგვიანებული იყო შეწამლვა, ამიტომ პრეპარატი წელს გამოვიყენე. 20 დღის წინ შევწამლე თხილი სოკოვანი დაავადების, ტკიპისა და სიდამპლის საწინააღმდეგო პრეპარატებით და მასში გავურიე ფაროსასანას საწინააღმდეგო პრეპარატიც, ანუ კომბინირებული ხსნარით შევწამლე. ახლა ციტრუსის დამუშავებას დავიწყებთ ფუნგიციდით. ფაროსანას საწინააღმდეგო შხამქიმიკატს ამჯერადაც გავურევთ ფუნგიციდში და შევწამლავთ, არ აქვს ხალხს საშუალება 5-6-ჯერ ჩაატაროს წამლობა, შეიძლება ამ ქიმიკატების კომბინირება“, – ამბობს მალხაზ კენჭაძე – „ჩემი აზრით, ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა უმჯობესია, როცა კვერცხებს დაყრის და დაიწყება მატლების გამოსვლა, აი მაშინ იქნება შეწამვლვა ეფექტური – ივნისის დასაწყისიდან, უფრო კი შუა რიცხვებიდან. ზუსტად როდის დებს კვერცხს და გამოდიან მატლები, რა პერიოდში ფრთიანდებიან, ამაზე უნდა იმუშაოს ინსტიტუტებმა, დაადგინონ და კონკრეტული რჩევა მისცენ ხალხს“.

მალხაზ კენჭაძე ამბობს, რომ მასობრივად შეწამვლვას ყველა ერიდება, ვინაიდან ციტრუსის ყვავილობა არ დასრულებულა: „შხამი ყვავილს არ უნდა მოხვდეს და ამასთან, მეფუტკრეებიც დავზარალდებით. ციტრუსის ყვავილობა ამ თვის ბოლოს დასრულდება და დაიწყება შეწამლვები. მე სპეციალური ტექნიკა მაქვს. ახლა შესასხურებელი აპარატები რომ დარიგდა, ბევრი თავისი ძალებით აპირებს შეწამლვას, თუმცა ფაროსანაზე ჯერ არა. ის ახლა დაფრინავს. აქ რომ შევწამლოთ აფრინდება და სხვა ბაღში ან ტყეში გადავა, იქ გამრავლდება და უკან გადმოფრინდება. ამიტომ, უმჯობესია როცა მატლები დაიჩეკება მაშინ დაიწამლოს. სახელმწიფოს მხრიდან დახმარებაც უნდა მოხდეს მაგ დროს“.

სულიკო ნიჟარაძე, რომელიც ქობულეთის სოფელ ალამბარში ცხოვრობს, ყვება, რომ გასულ წელს ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი არ აუღია, თუმცა წამლობა ახლობლის მიერ თურქეთიდან გამოგზავნილი პრეპარატით ჩაატარა. კონკრეტულად რა პრეპარატი იყო არ იცის. ამბობს, რომ შედეგი ჰქონდა: „შარშან თხილის მოსავალი სოფელში თითქმის ყველას გაუფუჭდა. მე კი 2 ტონა თხილი მოვკრიფე და მაქსიმუმ ხუთი კილო იქნებოდა გაფუჭებული. კარგი შედეგი ქონდა იმ თურქულ წამალს, მანდარინის მოსავალიც კარგი იყო ჩემთან, სხვა ხილიც. მაგრამ ახლა რასაც დაგვირიგებენ, რა იქნება ვერ გეტყვით“.

სულიკო ბერიძე: „ამჯერად ეზოს „B 58“-ით ვწამლავ, სახლში კი ხელით ვიჭერთ ფაროსანას. პრეპარატი თუ დაგვირიგდება, ჯერ არ გამიგია და ვაპირებ შევხდე მერის რწმუნებულს სოფელში და გავიგო დეტალები. ისე, ახლო-მახლო სოფელში ბაღები ჯერ არავის შეუწამლია ფაროსანაზე. პრეპარატი რომც არ დაარიგონ, მე საკუთარი ძალებით აუცილებლად უნდა შევწამლო“. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი, მირიან ქათამაძე აცხადებს, რომ მერია აქტიურად თანამშრომლობს საკოორდინაციო შტაბთან: „მერიაში გამოყოფილი გვყავს პირი, რომელიც შტაბთან კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი. მერის წარმომადგენლები კი მთლიანად არიან ჩართული შეწამვლის პროცესში, რომელიც დილით ადრე, ან გვიან ღამით ტარდება. აფრთხილებენ წინასწარ მოსახლეობას – ჩაკეტონ ფანჯრები, ჩამოხსნან სარეცხი, ჩაკეტონ ან გადაიყვანონ ფუტკრის ოჯახები.“

მერის თქმით, მავნებლის გავრცელების ინტენსიურობის დასადგენად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 500 ადგილზე დამონტაჟებულია ფერომენები, ტარდება ყოველდღიური მონიტორინგი, გარკვეულ სოფლებში შტაბმა უკვე ჩაატარა შეწამვლითი ღონისძიებები.

„მთავრობის მიერ, ცალკე ქობულეთისთვის დამატებით გამოყოფილია ასევე 7200 ლიტრი შესაწამლი საშუალება. ქობულეთის თითქმის ყველა სოფელში, თანადაფინანსებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაარიგა და აგრძელებს დარიგებას შესასხურებელი მობილური აპარატების, რომლებსაც ფერმერები, ალბათ, ფაროსანას საწინააღმდეგოდაც გამოიყენებენ ინსტრუქტაჟის დაცვით. მავნებელს სრულად ვერ დავამარცხებთ, თუმცა მზად ვართ ვებრძოლოთ და მაქსიმალურად შემცირდეს ზიანი ფერმერებისთვის“, – ამბობს მირიან ქთამაძე.

ქობულეთის მერი ფერმერებისთვის შხამქიმიკატების დარიგების და მათ მიერ მისი დანიშნულებისამებრ გამოყენების მონიტორინგის მომხრეა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს მოსახლეობამ შხამქიმიკატები არ გამოიყენა: „შესაძლოა დაფიქსირდეს გადაცემის აქტში, რომ მიმღები მას გამოიყენებს დანიშნულებისამებრ. აქაც მუნიციპალიტეტი აიღებს კონტროლის ფუნქციას, მე ჩემს წარმომადგენლებს დავავალებ, რომ ჩაინიშნონ ბენეფიციარები და ასევე ის, მოხდება თუ არა მათ მიერ პრეპარატის გამოყენება“.

მერი ფიქრობს, რომ თუ სადმე საგანგაშო სიტუაცია შეიქმნა, შტაბი სასწრაფოდ მოახდენს რეაგირებას, მიუხედავად იმისა, ეს იქნება სახელმწიფო, თუ კერძო ტერიტორიები. 

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ავთანდილ მესხიძე აცხადებს, რომ ფერმერები საჭიროების შემთხვევაში უნდა გაერთიანდნენ და ტექნიკა დაიქირაონ შპს „მექანიზატორისგან“. „ერთი ფერმერისთვის სოფელში ტექნიკა ცალკე ვერ ავა. თუ გაერთიანდებიან, საწვავის თანხის – 10-20 ლარის გადახდა მოუწევს თითოეულს“, – ამბობს მინისტრი. 

გასულ წელს „მექანიზატორთან“ ხელშეკრულება მუნიციპალიტეტების გამგეობებს ჰქონდათ გაფორმებული და საჭიროებისამებრ ხდებოდა ტექნიკის მობილიზება და წამლობის ჩატარება. 

მირიან ქათამაძე ამბობს, რომ ქობულეთის მერიას ასეთი ხელშეკრულება წელს ჯერ გაფორმებული არ აქვს: „წელს არის ეს შესაწამლი მობილური აპარატები, რომლითაც შესაძლებელია ოთხმა-ხუთმა ოჯახმა ისარგებლოს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კი გავრცელების ინტენსივობა მაღალ ხარისხს მიაღწევს და საჭიროება დარჩება, ადგილობრივი მთავრობა ამაზეც იქნება მზად, რომ დაეხმაროს ფერმერებს – ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის. თუ აუცილებელი დარჩა, ფერმერები ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფილნი იქნებიან და დამატებითი რესურსიც ჩაიდება“. 

„მექანიზატორის“ ჩაქვის სერვის-ცენტრის ხელმძღვანელის, ზურაბ ბერიძის განცხადებით, გასულ წელს, ძირითადად, ქობულეთისა და ხელვაჩაურის გამგეობებს ჰქონდათ მათთან გაფორმებული ხელშეკრულება: „მიზნობრივად დავდიოდით – იყო დისლოკაციის ადგილები, გადანაწილებული გვყავდა ტექნიკა და ვწამლავდით. პრეპარატები კი მოსახლეობაში იყო გადანაწილებული. წელს ჯერ მუნიციპალიტეტებს არ შემოუთავაზებიათ ხელშეკრულების გაფორმება. ჩვენ მობილიზებული გვყავს 20 ტრაქტორი, თავისი შემასხურებლებით და სადაც იქნება მოთხოვნა, იქ მივიყვანთ ტექნიკას. მომსახურება, ბუნებრივია, იქნება ფასიანი. წამლობის ჩასატარებლად საჭიროა მუშახელი. ხელფასის გარეშე დღეს არავინ იმუშავებს“. 

ზურაბ ბერიძის თქმით, 100 ლიტრი საწამლავის შესხურებისთვის ჩაქვიდან გადაყვანა ტრაქტორის, დავუშვათ ქედაში, რთულია. რეზერვუარი ამ ტრაქტორებს აქვს ერთტონიანი და ეს რეზერვუარი ერთ გასვლაზე უნდა გაიხარჯოს, რაც 2 ჰექტარს ყოფნის შესაწამლად, თუ ფართობში თხილი და ციტრუსია. თუ ერთწლიანი კულტურებია, ერთი ტონა ხსნარი 3 ჰექტარ ფართობსაც შეწამლავს. 

რაც შეეხება ფასებს, „მექანიზატორში“ აცხადებენ, რომ საწვავის ხარჯი რომ დათვალონ, გააჩნია რომელი ტრაქტორი იქნება მოთხოვნადი, რა მანძილი იქნება გასავლელი; ამასთან, წყალი ჩაქვში უნდა აიღონ თუ ადგილზე, სადაც წამლობა უნდა ჩატარდეს. 

„ამიტომ, თუ იქნება საჭირო, ეს მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა მოითხოვოს, ან მოსახლეობამ ერთობლივად, რომ მე ტექნიკა გადავიყვანო მუნიციპალიტეტებში ადგილზე და იქედან მოვახდინო მათი გადანაწილება. თორემ, ერთმა მოქალაქემ რომ დაგვირეკოს, ვთქვათ, მახუნცეთიდან და გვითხრას 200 ლიტრი საწამლავის შესხურება უნდა, ეს ძალიან რთულია. ის მოქალაქე უნდა მოვიდეს ჩაქვში, გამოიწეროს ტრაქტორის მომსახურება, გადაიხადოს შესაბამისი თანხა და ეს იქნება მისთვის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული. ამასთან, თავად უნდა მოვიდეს, მე ტელეფონით ვერ მივიღებ დაკვეთას. თანხის გადაუხდელად ვერც ტრაქტორს გავგზავნი. ვფიქრობ, ამ საკითხში უნდა ჩაერთონ შესაბამისი მუნიციპალიტის მერიები“, – ამბობს ზურაბ ბერიძე.

ფაროსანასთან ბრძოლის რეგიონალური შტაბი ჩაქვში შპს „მექანიზატორის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის აპრილში გაიხსნა. შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი მახარაძის ინფორმაციით, აჭარის მასშტაბით 2000 ფერომანი განთავსდა, მიმდინარეობს მონიტორინგი და პარალელურად წამლობა – საჭიროებისამებრ.

შტაბს 6 მანქანა აქვს სპეციალური შესასხურებელი აგრეგატებით. აქედან სამი თერმული ნისლის აგრეგატით, ხოლო დანარჩენი სამი – ცივი შესხურების აგრეგატით.

„თერმული ნისლის აგრეგატით მოსახლეობაში, სოფლებში გავდივართ, ვინაიდან ამ მეთოდით შეწამლვა ნაკლებტოქსიკურია და ფუტკრისთვის სრულიად უსაფრთხოა, თუმცა შეწამვლის წინ მაინც ვაკეტინებთ სკებს. შხამქიმიკატი 1,5 საათში ფაქტობრივად განეიტრალებულია. წამლობას დილის 5-6 საათზე ვიწყებთ რომ 10 საათამდე დავასრულოთ, ხოლო საღამოს 9 საათიდან. რწმუნებულები წინასწარ აფრთხილებენ მოსახლეობას დაგეგმილი ღონისძიების შესახებ. 

რაც შეეხება ცივი შესხურების აგრეგატს, მას სოფლის განაპირა ადგილებში ვიყენებთ. ტყისა და სოფლის საზღვარზე, ხეებზე ყოველ 80 მეტრში, დამონტაჟებულია იმაზე უფრო მძლავრი ფერომენები ვიდრე მოსახლეობაშია. ამ ფერომანებით ფაროსანას ტყიდანაც ვიტყუებთ და სოფლიდანაც და კვირაში ერთხელ ვწამლავთ. მაგალითად სოფელ ზედა ჯოჭოში 100%-იანი შედეგი გვაქვს. თუმცა უშუალოდ სოფელში მოსახლებამ, უფრო კი მეფუტკრეებმა არ შეგვიშვეს და გაუქმდა წამლობა“, – ამბობს გიორგი მახარაძე. 

მისივე თქმით, აჭარის მეფუტკრეებთან სპეციალური შეხვედრა ჩაატარეს და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გამოყენების წესების მაქსიმალურად დაცვით წამლობა ფუტკრისთვისაც უსაფრთხოა. 

შტაბში ამბობენ, რომ შეწამლვითი ღონისძიებები შემოდგომამდე გაგრძელდება და თუ საჭირო იქნება ერთ სოფელში ტექნიკა რამდენჯერმე შევა. 

„მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა დაუდგეს სახელმწიფოს გვერდით. სახელმწიფო ვერაფერს გახდება, თუ მოსახლეობამ საკუთარ კარმიდამოში თავისი წილი არ შეიტანა, თავისი როლი არ ითამაშა ფაროსანასთან ბრძოლაში“, – აცხადებს გიორგი მახარაძე. მისივე თქმით, ამის აუცილებლობა არ დგას, თორემ თუ საჭიროება მოითხოვს, ცენტრალური შტაბიდან 2 ვერტმფრენის გამოძახება და ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვაც შესაძლებელია. 

ჯაბა სტამბოლიშვილი, ქობულეთის მერის წარმომადგენელი სოფელ ლეღვაში: „ჩემთან სოფელში  როცა მოვიდა შტაბის ტექნიკა, არცერთი ჩიხი არ დამიტოვებია, ყველგან გავატარე მანქანა – ხეობები, ჩიხები, შესასვლელები სადაც იყო საშუალება რომ მანქანამ იმოძრაოს, ყველგან გაიარა. ერთი ადგილიდან რომ ასხურებს 250 მეტრზე მიდის კვამლი ნისლივით, დიდ ფართობებს ფარავს. სოფელში ნაკვეთები ყველა კერძოა და ამ გზით მთელი სოფლის მიწები შეიწამლა. კიდევ გვპირდებიან რომ 20-25 დღეში გაიმეორებენ“. 

ლეღვასა და მიმდებარე დასახლებებში გასული წლის სექტემბერში დარიგდა ბიფენტრინის ჯგუფის შხამქიმიკატები მოსახლეობაში, თუმცა, როგორც დანარჩენ სოფლებში, ის უმეტესობას არც აქ გამოუყენებია. „ფაქტობრივად არ იყო და არც გამოიყენა, მაგრამ წელს აუცილებლად გამოიყენებენ. მხოლოდ იმან დაწამლა, ვინც უფრო აქტიურია. მე პირადად დავწამლე შარშან დარიგებული პრეპარატით. შტაბის მიერ შესხურებით წამლობასაც, როგორც ვხედავთ აქვს ეფექტი“ – ამბობს ჯაბა სტამბოლიშვილი. 

ქობულეთის სოფელი ქაქუთი. ცივი შესხურების აგრეგატით შეწამლული ხე და მკვდარი ფაროსანები / ფაროსანასთან ბრძოლის შტაბის ფოტო 

ფაროსანას გავრცელების კერების აღმოჩენის შემთხვევაში, აჭარის მოსახლეობას შეუძლია დარეკოს საკოორდინაციო შტაბის ცხელ ხაზზე: 595 10 23 97 ან დაუკავშირდნენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს.

რამდენიმე რჩევა ფერმერებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით „ბიფეტრინის ჯგუფის პრეპარატებს საქართველოში 2010 წლიდან იყენებენ. არავითარი განსაკუთრებული მიდგომა არ სჭირდება. სჭირდება მხოლოდ პირადი ჰიგიენის წესების და უსაფრთხოების დაცვა. იქნება ეს პირბადე, გრძელმკლავებიანი პერანგი, სათვალე და ქუდი, კანი რომ იყოს დაცული. 

საქართველოს პირობებში აზიურ ფაროსანას აქვს გამრავლების ორი ციკლი. ერთი ციკლი გამოზამთრებიდან ახალი თაობის მოცემამდე და შემდეგ ის თაობა ახალ თაობას იძლევა.

ორი პიკი გვაქვს. მაისი-ივნისი და ივლისი-აგვისტო. მაისი-ივნისის თვეში ხდება პირველი წამლობა. მეორე პიკის დროს ყველა თაობის, ყველა ასაკის მწერი შეიძლება შეგვხვდეს. მეორე წამლობისას უნდა გავითვალისწინოთ ლოდინის პერიოდი, ანუ ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე პერიოდი. ეს იცის ყველამ. მეორე წამლობის დროს არამარტო ბიფეტრინის ჯგუფის პრეპარატები შეიძლება გამოვიყენოთ, არამედ ნებისმიერი სხვა ინსექტიციდები – ეს იქნება კარატე, დეცისი თუ ასე შემდეგ. ყველა პრეპარატის ეტიკეტზე, ტარაზე დატანილია ლოდინის პერიოდი. ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე თუ აწერია 20 დღე, ბოლო წამლობიდან უნდა გავიდეს 20 დღე, რომ დაიშალოს და არ მოხდეს ნაშთი პროდუქციაში.

მავნებელთან ბრძოლის ბოლო ფაზა არის ოქტომბერში – ისევ ეზოებში უნდა ჩავატაროთ ღონისძიება. შემდეგ, როცა შევა სახლებში, ზამთარში მექანიკურად უნდა გავანადგუროთ. ეს არის ყველაზე მარტივი და უსაფრთხო წესი“.

ქიმიური საშუალების შესხურების დროს აუცილებელია დავიცვათ შესამაბისი დროები. სპეციალისტების რეკომენდაციით, სასურველია შეწამვლა დილის ან საღამოს საათებში განხორციელდეს. ფერმერმა ასევე უნდა გაითვალისწინოს მეტეოროლოგიური პირობები, რადგან წამლობა არ შეძლება მაღალი ტემპერატურის დროს. კიდევ ერთი აკრძალვა ეს არის ქარიანი ამინდი, თუ ქარის სიჩქარე 5 მ/წმ-ს აღემატება ქიმიური პრეპარატის გამოყენაბა არ არის რეკომენდებული, რათა თავიდან ავიცილოთ მისი მიმდებარე ტერიტორიებზე გავრცელება. პრეპარატის შესხურებისას ასევე არ შეიძლება სიგარეტის მოწევა ან საკვების მიღება.

სპეციალისტები ფერმერებს მოუწოდებენ, რომ ქიმიური წამლობამდე ამინდის პროგნოზს გაეცნენ, იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელია წვიმა, ქიმიური საშუალების გამოყებისგან თავი შეიკავონ, რადგან წვიმა პრეპარატს ჩამორეცხავს და წამლობას შედეგი არ ექნება.

არ შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენება ღია წყალსაცავებისა და წყალსატევების ახლოს. პრეპარატი საზიანოა ასევე მწერებისთვის, შინაური ცხოველებისა და ფრინველებისთვის. ამისტომ საჭიროა, სანამ მოსახლეობა ქიმიური საშუალებით დამუშავებას დაიწყებს, იზოლირებულ გარემოში გადაიყვანოს ფრინველები და ცხოველები, შეზღუდოს ფუტკრის ფრენა, ან სკები შესაწამლი ტერიტორიიდან მოშორებით განათავსოს.

რა პერიოდულობით უნდა ჩატარდეს წამლობა? 

I წამლობა – ტარდება ნიმფების მასიური გამოჩეკვის შემდეგ, კოლხეთის დაბლობზე – ივნისის დასაწყისში, ხოლო მაღალი ზონის ადგილებში – შედარებით მოგვიანებით. ინსექტიციდებს ძირითადად თხილნარში იყენებენ, რადგან ამ პერიოდისათვის მავნებელი უპირატესად ამ კულტურაზეა დასახლებული. თუმცა იმავე პეროდში ქიმიური საშუალებით უნდა დამუშავდეს ხეხილი და ბოსტნეული.

II წამლობა – ივნისის ბოლოს – ივლისის დასაწყისში.

III წამლობა – თხილის მოსავლის აღების შემდეგ

IV წამლობა – სიმინდის და სხვა ნათესებში გავრცელებულ მავნებელზე ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში

V წამლობა – სიმინდის ნათესებში, თუ დაკვირვების შემდეგ ამის საჭიროება გამოიკვეთება.

ამასთან, წამლობის პერიოდები შეიძლება ცვალებადი იყოს, რეგიონებისა და გარემო მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით.

 

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]