weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მეტროს მემანქანეების გაფიცვა არის შანტაჟი თანამოქალაქეების მიმართ – კახა კალაძე

10:20 ორშაბათი, 04 ივნისი 2018

„ის, რომ დღეს მეტროსადგურები არ მუშაობს და არ ემსახურება მგზავრთა გადაყვანას, შეიძლება შეფასდეს როგორც შანტაჟი საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროს მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით.

„მე, როგორც თბილისის მერი, რომელიც ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერიის 24000-ზე მეტი თანამშრომლისა და დედაქალაქში მცხოვრები მილიონ ნახევარი მოსახლის წინაშე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ დავუშვებ, რომ თბილისის მოსახლეობა დაზარალდეს შანტაჟისა და გაურკვეველი, სრულიად დაუსაბუთებელი ულტიმატუმების გამო.

არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულია 24000-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც ასრულებენ ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს სამუშაოს. ყოველი მათგანის შრომა არის საპასუხისმგებლო და დასაფასებელი. დაუშვებელია შანტაჟის საფუძველზე მერიამ მიიღოს არასამართლიანი და უთანასწორო გადაწყვეტილებები. სხვა შემთხვევაში მე არ ვიქნები მართალი ბაგა-ბაღების პედაგოგების, სასწრაფო დახმარების ბრიგადების, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების თუ სხვა სტრუქტურების წარმომადგენელთა წინაშე, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ თბილისსა და თბილისელებზე.

ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო და კვლავაც რჩება - ვიზრუნოთ თბილისის ეკონომიკურ განვითარებაზე, რის შედეგადაც გაიზრდება და გაუმჯობესდება მოსახლეობის ცხოვრებისა და შრომითი პირობები. ცხადია, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ვითარება და დასაქმებულთა შრომითი მდგომარეობა.

რაც შეეხება მეტროს მემანქანეთა არსებულ ხელფასებს, მე ხელთ მაქვს დოკუმენტი, სადაც მოცემულია მეტროს მემანქანეებზე დარიცხული სარგოსა და სხვადასხვა დანამატების ოდენობა, რომელიც მეტია ვიდრე პატრულის თამაშრომლის ხელფასი, რომელიც მეტია ვიდრე სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის ხელფასი, მეტია ვიდრე მაშველების, მეხანძრეების ხელფასები.

ვფიქრობ, მოსახლეობას აქვს უფლება, იცოდეს რა ხდებოდა მოლაპარაკებების პროცესში. საკუთარი შრომითი უფლებების ე.წ. დამცველები მიგვითითებდნენ და გვიყენებდნენ პირობას, რომ მათი ხელფასების 45%-იანი ზრდა მომხდარიყო მეტროთი მგზავრობის საფასურის ზრდის ხარჯზე. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. კატეგორიულად მიუღებელია სოციალური დახმარებების ანუ სუბსიდირების ან თუნდაც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარჯზე.

მე, როგორც თბილისის მერი, არ დავუშვებ მერიის სტრუქტურებში ხელფასების მატება მოხდეს მეტროს საფასურის ზრდის ან სოციალური ჯგუფების სუბსიდირების შემცირების ხარჯზე.

მინდა შეგახსენოთ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მემანქანეებს დროებით შეზღუდული აქვთ გაფიცვის უფლება. ამდენად, მათი მხრიდან ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.

მინდა შევაჯამო ჩემი განცხადება და კიდევ ერთხელ განვმარტო: მემანქანეთა მოთხოვნა მათი სახელფასო სარგოს 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით, ნიშნავს მეტროს საფასურის ავტომატურ ზრდას.

მემანქანეთა ხელფასები, რომელიც დარიცხვით შეადგენს 1400-1800 ლარს, გაცილებით მაღალია, ვიდრე პედაგოგების, სასწრაფოს დახმარების ექიმების, პატრულის თანამშრომლების, მეხანძრე-მაშველების და თავად მეტროს სხვა თანამშრომლების ხელფასები.

მემანქანეთა გაფიცვა ეწინააღმდეგება სასამართლოს გადაწყვეტილებას.

და ბოლოს, მინდა ბოდიში მოვუხადო თბილისის მოსახლეობას მეტროს მემანქანეების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის. მინდა მივმართო და ვთხოვო მათ თანადგომა, რადგან თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქის მოსახლეობის მხარდაჭერა“, - ნათქვამია კახა კალაძის განცხადებაში.

თბილისის მერის თქმით, მიმდინარე გაფიცვა პირდაპირ მიმართულია მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუარესებისკენ, რის გამოც მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაფიცვის პერიოდში დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი (მუნიციპალური ავტობუსები) მოსახლეობას უფასოდ მოემსახუროს.

კახა კალაძემ მეტროს მემანქანეებს მოუწოდა, „ნუ დაარღვევენ კანონს, დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნუ დააყენებენ საკუთარ ინტერესებს მთელი ქალაქის მოსახლეობის ინტერესებზე და კანონზე მაღლა და დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, არ დაუშვან, რომ მათმა გაუაზრებელმა გადაწყვეტილებებმა დააზარალოს დედაქალაქი და მოსახლეობა“.

მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა და შიმშილი 3 ივნისს, 15:00 საათიდან დაიწყეს. დღეს დილიდან მეტროპოლიტენის ყველა სადგური პარალიზებულია. მეტროს თანამშრომელთა პროფესიული გაერთიანება „ერთობა 2013“ აცხადებს, რომ გაფიცვას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყვეტს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]