ექიმების ინფორმაციით, ყველა დაშავებულს სამედიცინო გამოკვლევები უტარდება. დაშავებულთაგან რამდენიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სავარაუდოდ, მათ რეანომობილით თბილისის კლინიკებში გადაიყვანენ.
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე, სოფელ თეთრწყლებთან ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და გადავარდა.
მიკროავტობუსით თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მშობლები კახეთში ექსკურსიაზე მიდიოდნენ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის ავტომანქანის მძღოლი გამოკითხვის მიზნით გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში.
თელავში ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, რომელიც საავადმყოფოში დაშავებულებს მოინახულებს და გამოძიების მიმდინარეობას გაეცნობა.