ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. ცხედრები გურჯაანში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადააქვთ.
ამ დროისთვის ავტომანქანის მძღოლი გამოკითხვის მიზნით გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში.
ამ მონაცემების მიხედვით, მიკროავტობუსით 26 ადამიანი მგზავრობდა, 13 ბავშვი და 13 სრულწლოვანი.
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე, სოფელ თეთრწყლებთან ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. მიკროავტობუსით თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მშობლები კახეთში ექსკურსიაზე მიდიოდნენ.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა სწორედ იმ ადგილას, სახიფათო მოსახვევში მოხდა, სადაც 4 თვის წინ, „სოკარის“ საწვავმზიდიც გადავარდა და მთლიანად დაიწვა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. თელავში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიაც.