weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუშეთში მთას ააფეთქებენ, გზა 20 ივნისამდე ვერ გაიხსნება

13:09 ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა 20 ივნისამდე ვერ გაიხსნება. ამის შესახებ „რეგინფოს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს. გზის აღდგენის მიზნით, ორ დღეში კლდოვანი ქანების აფეთქება და 300 მეტრზე დაგუბებული წყლის დაცლაა დაგეგმილი.

„დეპარტამენტის ექსპერტთა ჯგუფი, თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერსაშიშ ზონაში რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდა. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მთის აფეთქების გარეშე დაგუბებული წყლის დაცლა შეუძლებელია. წყლის დონის დაწევის შემდეგ შესაძლებელი გახდება გაწმენდითი სამუშაოების დაწყება. თუ ამინდმაც ხელი შეუწყო და ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, თუშეთის გზა 20 ივნისს უნდა გაიხსნას“,– განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თუშეთის გზის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ავთანდილ გვაზავამ.

თუშეთში მდებარე სასტუმროების მეპატრონეები ამბობენ, რომ გზის დაგვიანებით გახსნის გამო, ტურისტული სეზონი ჩავარდება.

„ინფორმაცია, რომ გზას 20 ივნისისთვის გახსნიან არის დაცინვა. 10-13 ივნისს ტურისტების ჯგუფები გვყვავს ჩაწერილი და გამოდის, რომ უარი უნდა ვუთხრათ ამ ხალხს. პირველ ეტაპზე თუ ვერ მივიღეთ ვიზიტორი, მერე სხვა კუთხეებში წავლენ. დღეს, ყველა სასტუმროს მეპატრონე ამ პრობლემის წინაშეა“,– ამბობს ქვემო ომალოში მდებარე სასტუმრო „თუშეთის“  მფლობელი სოსო ბაბულაიძე.

„უგზოობის გამო მაისის ბოლოს მიღებული შეკვეთები გავაუქმე და იმედი მქონდა, რომ ივნისში მაინც შევძლებდით ტურისტების მიღებას. როგორც ჩანს, ივნისში ჩაწერილ ხალხსაც უარი უნდა ვუთხრა. ამით თვეზე მეტს ვკარგავთ და სეზონიც ჩავარდება“,– აღნიშნავს სასტუმრო „ელისაბედის“ მფლობელი ელისაბედ იჭირაული.

მაისის დასაწყისში ფშაველი–აბანო–ომალოს გზის 56–ე კილომეტრზე, უღელტეხილს იქით, სოფელ ხისომდე სამ კილომეტრში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება ჩაკეტა.

თუშეთის გზა ღია მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა. აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. ომალო-ალვანის საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]