„მომხდარი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო. თუ შეიძლებოდა ჩემი სიცოცხლის გაცვლით მათი გადარჩენა, მზად ვიყავი ამისთვის. ის გარემოება, რომ ცხოვრებისგან არავინაა დაზღვეული, მეც გამიგია. ვიზიარებ მშობლების მწუხარებას, ტრაგედიას. ბევრი ოჯახი განადგურდა ამით. ადვოკატების პოზიციას ვეთანხმები, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, ჩემთვის გისოსები მეორეხარისხოვანია მომხდართან დაკავშირებით“,- განაცხადა მირზა სუბელიანმა სასამართლოზე.
ადვოკატები მირზა სუბელიანისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.
საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
მირზა სუბელიანი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
„სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ გრძელდება გამოძიება დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩამდენი პირების ვინაობის დადგენისა და გამოვლენის მიზნით. შესაბამისად ჩათვალა, რომ ბრალდებულის თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, შესაძლოა, მირზა სუბელიანმა ჩაიდინოს ახალი დანაშაული, კერძოდ ხელი შეუშალოს გამოძიებას მტკიცებულებათა მოპოვებაში და ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე, რომლებიც მისი ოჯახის წევრები და ნათესავები არიან“, - აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 ივლისს გაიმართება.