რატი ზედგენიძემ ასპინძის საჯარო სკოლა წელს დაამთავრა. ის ამ სკოლის პირველი მოსწავლეა, რომელიც აშშ-ის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას.
„ბავშვობიდან მინდა პოლოტი გამოვიდე. საქართველოში ვაპირებდი ჩაბარებას, მაგრამ შარშან გადავწყვიტე ამერიკული უნივერსიტეტი შემერჩია. ერთი წელი ვემზადებოდი ინგლისურში. გამოცდები ენაში, ასევე მათემატიკაში ჩავაბარე. 6 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მივიღე დადებითი პასუხი, მაგრამ დაფინანსების და სასწავლო პროგრამის მხრივ ავერეტის უნივერსიტეტში საუკეთესო პირობებია. სტიპენდია სრულად ფარავს აშშ-ში ცხოვრებისა და სწავლის ღირებულებას“, - უთხრა „რეგინფოს“ რატი ზედგენიძემ.
ავერეტის უნივერსიტეტის ავიაციის ფაკულტეტზე რატი სწავლას 2017 წლის 20 აგვისტოს დაიწყებს და 2021 წელს დაასრულებს.
ავერეტის უნივერსიტეტი (Averett University) 1859 წელს დაფუძნდა და ვირჯინიის შტატში, ქალაქ დენვილში მდებარეობს.