„სეტყვა გუშინ, დაახლოებით 18:15 საათზე დაიწყო. ყველაზე მეტად ქოდალო დაზარალდა. ძირითადად ვენახებია განადგურებული, თუმცა სეტყვამ დააზიანა სიმინდის ყანებიც. ადგილობრივებს სხვადასხვა მიზეზის გამო ვენახი დაზღვეული არ აქვთ. ხალხი ამბობს, რომ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა არ გაუსროლიათ. წელს რამდენჯერმე დავისეტყვეთ, თუმცა აქამდე სეტყვა დაშლილი და წვრილი მოდიოდა“, – ამბობს სიმონ არსენიშვილი.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციით, გუშინ, საღამოს საათებში, კახეთის რეგიონში გავრცელებული სეტყვასაშიში ღრუბლის დასაშლელად სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 200 რაკეტა გაისროლა. მათივე ცნობით, მთელ რეგიონში სეტყვა 40 000 ჰექტარზე იყო მოსალოდნელი, რაც თავიდან იქნა აცილებული. ბუნებრივ მოვლენებზე ზემოქმედების ცენტრის მონაცემებით, გურჯაანის რაიონის სამ სოფელში დასეტყვილი ტერიტორიის ფართობი 130 ჰექტარია.