„მინდა ყველას მოგიწოდოთ, ვისაც სურვილი გაქვთ, გავაგრძელოთ სოლიდარობის აქციები, მაგრამ რაც შეეხება გენერალურ აქციას, ცოტა მოგვიანებით დავაანონსებთ იქიდან გამომდინარე, რომ აბსოლუტურად ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა წავიდეს გამოძიება. ერთი კვირით მინდა გონივრული ვადა მივცეთ იმ მინისტრებს, რომელთა გადადგომაც მოვითხოვეთ. ეს ძალაში რჩება. გეგმები არ იცვლელბა. მალხაზ მაჩალიკაშვილს მინდა მივმართო, ვითვალისწინებ ჩვენი პანკისელი დების და ძმების იმ ვითარებას, რომ რამადანია, რომელიც მთავრდება ამ კვირის ბოლოს. ამის შემდეგ ყველა შემოგვიერთდება და განვაახლებთ საპროტესტო აქციებს. სოლიდარობის აქციები გრძელდება და თუ საგამოძიებო უწყებაში არ ვიყავი დაბარებული, ნებისმიერ დროს შევუერთდები“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საპროტესტო აქცია მანამდე არ დასრულდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
„რამადანი, მარხვის თვე გვაქვს. ზუსტად ერთ კვირაში ყველაფერი ჩაივლის და ახალი ძალებით შევიკრიბებით. მივაღწევთ ყველაფერს, რაც გეგმაში გვაქვს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქცია 31 მაისს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ მთავარი პროკურატურის შენობასთან დაიწყო. მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურორმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, აქცია პარლამენტის შენობასთან გაგრძელდა, სადაც მთავრობის გადადგომაც მოითხოვეს.
ზაზა სარალიძის აქციას შეუერთდა 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი. სარალიძე და მაჩალიკაშვილი მათი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ. გუშინ, 10 ივნისს, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უნდა გადადგნენ.