ჯეფ აზიზის თქმით, თავდამსხმელი მას მოკვლით ემუქრებოდა. მისივე თქმით, კონფლიქტის მიზეზი ის გახდა, რომ მამაკაცმა მათი მაღაზიიდან ღვინოს მოპარვა სცადა.
„დარბოდა და ყვიროდა, ამ ამერიკელს მოვკლავო, ცულით დავჩეხავო. კარის დაკეტვა მოვასწარით, კარს ნაჯახს ურტყამდა და ამბობდა, რომ უნდა მოვეკალით. ხალხი აკავებდა, მაგრამ თავი დაიხსნა და ნაჯახით მანქანა დააზიანა. ძალიან შეშინებულები ვართ. პოლიციის გარდა ამ ადამიანს ვერავინ შეაკავებს“, – ამბობს ჯეფი, რომელიც უკვე ხუთი წელია ნუკრიანში ცხოვრობს და საოჯახო სასტუმრო აქვს.
თავდამსხმელი წარსულში მკვლელობისთვის არის ნასამართლევი. სასჯელაღსრულების დაწესებულება მან ერთი წლის წინ დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი კუთვნილი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, მუხლი შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს.