გიორგი მარგველაშვილი დაღუპული მეშახტის ოჯახს ტყიბულში ესტუმრა, სამძიმარი გამოუცხადა და სახელმწიფო ჯილდო სანდრო ბუცხრიკიძის მშობლებს პირადად გადასცა.
„მოვედი, რომ მოგისამძიმროთ და გავიზიარო თქვენი ტკივილი და მინდა, სიამაყეც გავიზიარო თქვენთან ერთად, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი შვილი გაუზარდეთ. მადლობა მინდა გითხრათ ამისათვის და წმინდა ნიკოლოზის ორდენი გადმოგცეთ, ეს არის სპეციალურად ქველმოქმედი ადამიანებისთვის დაარსებული ორდენი. ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა მილიონები, მაგრამ იყო ქველმოქმედი. ღმერთმა ქნას, რომ ბევრი ასეთი შვილი ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
27 წლის სანდრო ბუცხრიკიძე 2 ივნისს ტყიბულში, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე, 65 წლის რეზო ლომთაძესთან ერთად დაიღუპა.
სანდრო ბუცხრიკიძე ტყიბულის თეატრის მსახიობი იყო. მუშაობდა წითელი ჯვრის ადგილობრივ ორგანიზაციაში. ეხმარებოდა ტყიბულში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მარტოხელა ადამიანებს. უფასო სასადილოდან მოხუცებისთვის სახლში საკვები მიჰქონდა. ბავშვებს ხალხურ საკრავზე დაკვრას ასწავლიდა. გატაცებული იყო სამთო ტურიზმით.
მეშახტეების დაღუპვის ფაქტზე გამოძიება სსკ 240-ე მუხლით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) მიმდინარეობს, რაც ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ვადით ისჯება.