„გურიის მოამბესთან“ ინტერვიუში ქათამაძე აღნიშნავს, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზეზი სოციალურ ქსელში მისი აქტიურობა და პოლიტიკური განცხადებები გახდა. მისივე თქმით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სამუშაო ოთახში ფრაქციის თავმჯდომარე ტარიელ აროშიძე, აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე გოჩა კილაძე და ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე დავით ჭაკნელიძე იმყოფებოდნენ.
„საკრებულოს წევრებმა საუბრის დროს რკინის ნაჭერი ჩამარტყეს თავში. დამაგდეს და წავიდნენ. თავი მაქვს გატეხილი. ზუსტად არვიცი ვინ დამარტყა. ალყაში ვიყავი. უკნიდან ვიღაც მომეპარა და ჩამარტყა. მიზეზი „ფეისბუქზე“ ჩემი აქტიურობაა. ეს არის გუბერნიის დავალება, რომელიც საკრებულოს წევრებმა შეასრულეს. ყველამ იცის, რომ გუბერნიის დავალების გარეშე საკრებულოში არაფერი ხდება“, - ამბობს ბესიკ ქათამაძე.
„გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ქათამაძეს კეფაზე დაზინება აქვს.
კლინიკა „მედალფას“ დირექტორის დავით მდინარაძის ინფორმაციით, საკრებულოს წევრს სამი მცირე ზომის - 1-1.5 სამტიმეტრი სიგრძის ჭრილობა აქვს. ერთი ჭრილობა სისხლმდენი იყო, რის გამოც ნაკერის დადება გახდა საჭირო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას. ამ დროისთვის ორივე მხარე გამოკითხვაზეა დაბარებული.