„ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენი ორი ფილიალი გატეხეს - გლდანში და ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე მაღაზიები. ვფიქრობთ, რომ იგივე დაჯგუფებასთან გვაქვს საქმე, რადგან არიან არასრულწლოვნები. თავის დროზე რომ ყოფილიყო რეაგირება, ალბათ დღეს არ გვექნებოდა ზარალი. რამდენადაც ვიცით, სხვა კომპანიებსაც აქვთ იგივე პრობლემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი აღარ არის დაცული. იმის მიუხედავად, რომ დაცვაზე გვყავს აყვანილი მაღაზია, დღისით-მზისით შეუძლიათ შემოვიდნენ, გატეხონ სალარო და გაიტაცონ პროდუქცია, მაგრამ არავინ არ ისჯება, რადგან ქურდები არასრულწლოვნები არიან“, - განაცხადა „რუსთავი 2“-თან მარკეტინგის დირექტორმა ხატია ტყებუჩავამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. სამინისტროს ცნობით დანაშაულში მონაწილე პირების ვინაობა იდენტიფიცირებულია, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
რაც შეეხება გლდანის ფილიალის გაქურდვის ფაქტს, შსს-ს ცნობით, დანაშაულში სამი პირია მხილებული და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, საქართველოში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის მინიმალური ასაკი 14 წელია.