მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, რისკების დროული და ეფექტური იდენტიფიკაციისა და მართვის მიზნით გადამზადდნენ როგორც მასწავლებლები, ასევე, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მანდატურები, ფსიქოლოგები და სკოლაში უსაფრთხოების პროცედურებზე პასუხისმგებელი პირები.
„დაწყებულია თანატოლთა ურთიერთგანათლების ანტიბულინგური პროექტები, ხოლო სექტემბრიდან ციფრული მოქალაქეობისა და მედიაწიგნიერების პროგრამები დაინერგება. ფსიქოლოგიური სამსახურის ბაზაზე შექმნილია კრიზისული ინტერვენციის ჯგუფები. მოქმედებს 24 საათიანი ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი და ინტერაქტიული ვებგვერდი, რომელიც ხელს უწყობს ძალადობაზე ცნობიერების ამაღლებასა და აგრესიის სხვადასხვა ფორმების საწყის ეტაპზე გამოვლენას. ხაზგასასმელია, რომ რესურსცენტრებს ფსიქოლოგის შტატი დაემატებათ“, - განაცხადა ჩხენკელმა.
მისივე თქმით, სკოლებში საინფორმაციო კამპანიის მიზნით, ქვეყნის წამყვან ფსიქოლოგებთან თანამშრომლობით, შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც სკოლებს მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის ფლაერების სახით დაურიგდათ. გრძელდება პროგრამა „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“, რომლის ფარგლებში, ბულინგთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია 70 000-ზე მეტმა მოსწავლემ დააფიქსირა, მათი შეხედულებები სტრატეგიაში აისახა.
მინისტრის თქმით, სკოლასა და მშობელს შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს გაუჩენს ვალდებულებას, ძალადობის რისკებთან დაკავშირებული პროცესები ერთობლივად მართონ.
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით კი, სკოლებში უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა მოზარდთა ფიზიკურ განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, სასკოლო სპორტულ ღონისძიებათა ბიუჯეტი გაორმაგდა.