მისივე თქმით, სპეცრაზმელის შესახებ ინფორმაცია (ვინაობა) კონკრეტულმა პირმა კონვერტით 2018 წლის მარტში გადასცა.
„კონკრეტულმა პირმა მომიტანა კონვერტი აქ შენი შვილის მკვლელის ვინაობა წერიაო. ვინც მომიტანა, მაგის ვინაობაზე არ ვისაუბრებ. სხვა ვინ გააკეთებდა ამას, თუ არა სუსი? სხვა ვის აქვს ამაზე წვდომა? მე ისევ ვცდილობ ბოლომდე მივიყვანო ჩემი საქმე სამართლიანი გზით. მივცემ კონკრეტულ დროს ხელისუფლებას, რომ დამნაშავეები დასაჯონ. თუ არ დასჯიან, აქციები სერიოზულ სახეს მიიღებს თბილისში“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საკუთარ საძინებელ ოთახში, სასიკვდილოდ დაჭრეს. თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს, საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა. თემირლან მაჩალიკაშვილი ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი 5 პირი დაპატიმრებულია. მათ საქმეებს სასამართლო დახურულ სხდომებზე იხილავს.
პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. სისხლის სამართლის პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ არ არის მიცემული.