weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული მოხელე აკრძალვის მიუხედავად ახმეტის გამგეობაში მუშაობს

14:16 პარასკევი, 02 ივნისი 2017

ახმეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, გ. გ-შვილი 2017 წლის 2 მარტს ნარკოტიკული საშუალების განმეორებითი უკანონო მოხმარებისთვის გაასამართლეს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს განაჩენით მას საჯარო სამსახურში მუშაობა 3 წლით აეკრძალა, გ. გ-შვილს დღემდე იგივე თანამდებობა უკავია და ხელფასთან ერთად სააღდგომო პრემიაც მიიღო.

ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა 20 წლის გ. გ-შვილი გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში მთავარ სპეციალისტად 2016 წლის ზაფხულში დანიშნა. ამის შემდეგ პარტიული ნიშნით შერჩეულმა პირმა, რომელსაც არავითარი სამუშაო გამოცდილება არ გააჩნდა, კონკურსშიც უპრობლემოდ გაიმარჯვა, თანაც ისე, რომ მისთვის არც სპეციალური განათლება მოუთხოვია ვინმეს და არც ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა. შესაბამისად, გაურკვეველი დარჩა ის გარემოება, რომ გ. გ-შვილი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო.

თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე თვის შემდეგ, გ. გ-შვილი პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებაში განმეორებით ამხილა, რის გამოც მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით წარუდგინეს. მოგვიანებით გ. გ-შვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის განაჩენით იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი, სასჯელის ზომად კი მას განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით და 3 წლით აეკრძალა საჯარო სამსახურში საქმიანობა.

გამამტყუნებელი განაჩენით დანიშნული სასჯელი გ. გ-შვილმა ახმეტის გამგეობისადმი დაქვემდებარებულ ა(ა)იპ „ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში“ მოიხადა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 103-ე მუხლის თანახმად, საჯარო მოხელე, რომელსაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეეფარდება სასჯელი განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის, სავალდებულო წესით უნდა გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან მეორე დღეს. ვინაიდან სასამართლოს განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში, ახმეტის გამგებელს მომდევნო სამუშაო დღესვე უნდა გამოეცა ბრძანება სამსახურიდან გ. გ.-შვილის გათავისუფლების შესახებ.

მიუხედავად ამისა, გამგებელს ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული მოხელე დღემდე არ გაუთავისუფლებია სამსახურიდან, უფრო მეტიც, იგი 2017 წლის აპრილში სააღდგომო პრემიით დააჯილდოვა. გ. გ-შვილი მისი ახლობელი და „ქართული ოცნების“ აქტივისტია.   

იურისტების განმარტებით, ახმეტის გამგებლის ბექა ბაიდაურის მიერ ჩადენილი ქმედება აშკარად შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება).

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური აცხადებს, რომ მან არ იცოდა, გ. გ-შვილს სასამართლომ საჯარო სამსახურში მუშაობა რომ აუკრძალა 3 წლით. „როგორც გამოვარკვიეთ, პროცესზე არ უთქვამს, რომ სადმე მუშაობდა. ამიტომ მე განაჩენი არ მიმიღია“, – უთხრა ახმეტის გამგებელმა „რეგინფოს“.

მისივე თქმით, გ. გ-შვილმა გუშინ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა და გამგეობაში აღარ მუშაობს. „მგონი გუშინვე გამოვეცი ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ“, – ამბობს გამგებელი. ნიშანდობლივია, რომ „რეგინფომ“ ამ საკითხის მოკვლევა გუშინ დაიწყო.

- ბატონო ბექა, გ. გ-შვილმა გამამტყუნებელი განაჩენით დანიშნული სასჯელი – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მოიხადა ახმეტის კულტურის ცენტრში, რომელიც თქვენ გექვემდებარებათ, სადაც განაჩენსაც წარადგენდა. როგორ ვერ გაიგეთ იმის შესახებ, რომ მას 3 წლით საჯარო სამსახურში მუშაობა აკრძალული ჰქონდა?

- არვიცი. ამას გავარკვევ.

ბოლო ინფორმაციით, გ. გ-შვილი ახმეტის გამგეობიდან ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]