მგზავრების თქმით, ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში თვითმფრინავის ბორტზე იცდიდნენ, გაითიშა კონდიცირების სისტემა და ჰაერის უკმარისობის გამო რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
„გვეუბნებიან, 3 ივლისის რეისზე გადაგანაწილებთო, მაგრამ პასპორტი რომ მივაწოდეთ, აღმოჩნდა, რომ ბილეთები არ არის. კეთილი ინებონ, სხვა რეისი დანიშნონ და გაგვაყოლონ. 180 ადამიანი ვართ ქუჩაში დარჩენილი. წყალიც არ მოგვაწოდეს. ესპანეთში მივდიოდი. თან მცირეწლოვანი ბავშვი მყავს. თბილისიდან ვარ და ქუთაისი არ ვიცი. ამ შუაღამისას სად უნდა წავიდეთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაციის განმარტებით, რეისის შესრულების დროს დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც „ვიზეარის“ ტექნიკოსებისა და თვითმფრინავის კაპიტნის რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეისის გაუქმების შესახებ.
„მგზავრებს ბილეთების მომდევნო რეისებზე გადასაცვლელად, ან თანხის უკან დასაბრუნებლად შეუძლიათ მიმართონ საინფორმაციო სამსახურს ადგილზე, ან დაუკავშირდნენ ავიაკომპანია „ვიზეარის“ ცხელ ხაზს: 07 06 777 483. „ვიზეარი“ აანაზღაურებს იმ მგზავრების ტრანსპორტირებისა და სასტუმროს ხარჯებს, რომლებიც გაფრენას მომდევნო რეისით გადაწყვეტენ“, – აღნიშნულია ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით რეგულარული რეისები 17 მაისიდან დაიწყო.