შს სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე, მიღებული გეგმიური დავალების შესაბამისად, საქართველო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად 27 ივნისს გავიდა.
შსს-ს ცნობით, გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
„მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეების გადმოცემა უნდა განხორციელდეს ა.წ. 29 ივნისს. მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ ქართული მხარე განახორციელებს ინციდენტის დეტალურ გამოკვლევას და ყველა შესაბამის პროცედურას“, - განაცხადეს შსს-ში.
ორივე გატაცებული ლაგოდეხის რაიონის მკვიდრია. ერთ-ერთ მათგანი, კობა მაჭარაშვილი 13 წელია რაც მესაზღვრედ მუშაობს.