დაკავებულის ძმის ინფორმაციით, 16 წლის ბიჭი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდა. მომხდარის შესახებ ოჯახს პოლიციამ შეატყობინა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა დაკავებული მოზარდი დროულად გათავისუფლდეს. მისვე თქმით, მთავარი მოთხოვნაა, რომ შაბათ-კვირის გამო ეს პროცესი არ შეფერხდეს.
„ვესაუბრე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობას და ისინი არიან ხაზზე, რათა ბავშვი დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული. ნებისმიერი ასეთი ქმედება არის უკანონო, მით უმეტეს, როდესაც აკავებენ არასრულწლოვანს. ჩვენი მოთხოვნაა, იმ ე.წ. მიზეზით თუ საბაბით, რომ არის შაბათ-კვირა და ე.წ. პროცედურებს ვერ გამართავენ, ეს არ გახდეს იმის მიზეზი, რომ შეყოვნდეს ბავშვის გათავისუფლება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.