weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სატელევიზიო კომენტარის გამო ირაკლი შიოლაშვილს შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

17:41 ორშაბათი, 02 ივლისი 2018

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში მცხოვრები, 75 წლის გოდერძი სეხნიაშვილი „ქართული ოცნებიდან“ სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარ დეპუტატს ირაკლი შიოლაშვილს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. როგორც სეხნიაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, შიოლაშვილი მას სატელევიზიო კომენტარის შემდეგ ტელეფონით დაუკავშირდა და ოჯახის წევრების მისამართით უცენზურო სიტყვებით შეაგინა.

„28 ივნისს, სოფელ გამარჯვებაში საპროტესტო აქცია გავმართეთ. ვისაც მცირე მიწა გვაქვს, ქერის მოსავლის აღებას ვერ ვახერხებთ. შპს "მექანიზატორიდან" კომბაინები იმ პირებს ჰყავთ წაყვანილი, ვისაც ასობით ჰექტარი აქვს, მათ შორის ჟურნალისტებთან ვთქვი, რომ კომბაინები ჯერ ირაკლი შიოლაშვილის ნაკვეთებში მუშაობდნენ. გასულ წელსაც ასე იყო. ვიდრე თავისი მოსავალი არ აიღო, კომბაინები მას ჰყავდა წაყვანილი. ჩაიწვა ქერი ყანაში და ერთ ტომარასაც ვერ ვიღებთ. ეტყობა ამბავი მიუტანეს. დღეს, 13:50 საათზე დამირეკა შიოლაშვილმა, გაბრაზებული იყო, როგორ ბედავ ასეთ ლაპარაკსო და ჩემი ოჯახის წევრების მისამართით უცენზურო სიტყვებით შეიგინა და დამემუქრა, გაგამწარებო“, - ამბობს გოდერძი სეხნიაშვილი, რომელსაც ქერის მოსავალი ამ დრომდე ვერ აუღია.

მისივე თქმით, მცირემიწიან გლეხებს მოსავლის აღებისას პრობლემებს განზრახ უქმნიან, რომ მიწა გაყიდონ.

„მე ირაკლი შიოლაშვილთან სხვა დროს შეხება არ მქონია. ვიცი, რომ ჩვენი რაიონის დეპუტატია. ისიც ვიცი, რომ მხოლოდ საკუთარი თავი და ოჯახი ადარდებს და ამომრჩევლებს რაც დაგვპირდა, არაფერი შეასრულა. მე მასთან არავითარი უთანხმოება არ მქონია. არც რომელიმე პარტიის წევრი ვარ", - აღნიშნა გოდერძი სეხნიაშვილმა. 

„რეგინფო“ 2017 წლის სექტემბერში წერდა, რომ ირაკლი შიოლაშვილის მშობლების მფლობელობაში 3 250 000 კვ.მ, ანუ 325 ჰექტარი სახნავი მიწა ირიცხებოდა. შიოლაშვილის მშობლები ბოლო სამი წლის განმავლობაში, მას შემდეგ გამდიდრდნენ, რაც მათი შვილი ჯერ გამგებლად, შემდეგ კი გუბერნატორად დაინიშნა.

ირაკლი შიოლაშვილი გოდერძი სეხნიაშვილს შეურაცხყოფის მიყენებაში იქით ადანაშაულებს და ამბობს, რომ პოლიციასაც მიმართა.

„გავიგე, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა, თითქოს სასოფლო სამეურნეო ტექნიკა მყავდა წაყვანილი, რეალურად ასე არ ყოფილა. დავურეკე. სატელეფონო საუბარში ამყვა, შევყევით ერთმანეთს და ამ დროს მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მერე კიდევ დამირეკა და კიდევ მომაყენა შეურაცხყოფა. სატელეფონო საუბრის შეწყვეტისთანავე მე შესაბამის სამსახურებს გადავეცი, რომ შემაგინა“, - განაცხადა შიოლაშვილმა "რეგინფოსთან" საუბარში.

მაჟორიტარი დეპუტატის განმარტებით, 2013 წელს, როცა დედოფლისწყაროს გამგებლად მუშაობდა, გოდერძი სეხნიაშვილი მისგან ითხოვდა, თვითონ ამ თავისი მეუღლე სოფელ არბოშიკის გამგებლად დაენიშნა.

„მას მერე არ მქონია მასთან შეხვედრა. სოფელში ცოტა ისეთი სახელი აქვს, მოსახლეობა ამბობს, რომ ტყუილების თქმა უყვარს. მე რაც შემეძლო სამართლებრივად გამეკეთებინა, გინების გამო პოლიციაში განვაცხადე“, - აღნიშნავს შიოლაშვილი.

დედოფლისწყაროს რაიონში მცირემიწიან გლეხებს მოსავლის აღება უჭირთ. ადგილობრივების ინფორმაციით, კომბაინები ჯერ მსხვილი ფერმერების ან თანამდებობის პირთა ნაკვეთებში მუშაობენ, ძლიერი სიცხე კი გლეხების მოსავალს აფუჭებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]