weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სამინისტროს ინფორმაციით, არ იცოდნენ, რომ ტენდერებში ჯაშუშობაში ბრალდებული იმარჯვებდა

18:49 ორშაბათი, 02 ივლისი 2018

სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტურ გამოძიებას (როგორ იგებს მილიონობით ლარის ტენდერს პირი, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა აღიარა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებით პასუხობს.

„გარკვეულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება და დაზუსტებას საჭიროებს. შპს „მარგიო“ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ელექტრონულ, ღია ტენდერებში 2013 წლიდან მონაწილეობს. სატენდერო პროცედურების გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, ღია ელექტრონულ ტენდერში მონაწილე კომპანიების ვინაობა არის ფარული. გამოცხადებულ ღია ტენდერში მონაწილე კომპანიებისა და მისი დამფუძნებლების წარსული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უწყება არ ფლობს. ტენდერში გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ ელექტრონული ფარული პროცედურების დასრულების შემდეგ ხდება ცნობილი. კანონმდებლობის მიხედვით, ელექტრონულ ღია ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა კომპანიას, რომელიც აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს. შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო უწყებამ ტენდერში მონაწილე კომპანიას დაუწესოს რაიმე შეზღუდვა, ან დაინტერესდეს კომპანიის დირექტორის/დამფუძნებლის ნასამართლეობის ან წარსული ცხოვრების/ წარსული საქმიანობის შესახებ. აქვე აღვნიშნავთ, რომ შპს „მარგიოს“ არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს უწყების მიერ გამოცხადებულ საიდუმლო შესყიდვებში, ვინაიდან ამ ტიპის შესყიდვების განსახორციელებლად, სახელმწიფო საიდუმლოების მაქსიმალურად დაცვის და უზრუნველყოფის აუცილებლობიდან გამომდინარე, კომპანია უნდა ფლობდეს საიდუმლო დაშვების ნებართვას, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, რაც შპს „მარგიოს“ არ გააჩნია და შესაბამისად ის ასეთი ტიპის შესყიდვებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

რაც შეეხება მტკიცებას იმის შესახებ, რომ შპს „მარგიო“ ახდენს შეიარაღებული ძალების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას, სიმართლეს არ შეესაბამება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ კომპანიისგან მოხდა მხოლოდ ერთი კომპიუტერის ვიდეობარათის შესყიდვა, ლევან იზორიას მინისტრად დანიშვნამდე, 2016 წლის 11 აპრილს. ხელშეკრულების ღირებულება იყო 3200 ლარი. აქვე მოგახსენებთ, რომ ნებისმიერი კომპიუტერული ტექნიკა, ექსპლუატაციაში გაშვებამდე და მის შემდეგაც, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვის მიზნით, რეგულარულად მოწმდება და კონტროლდება.

აქვე მოგახსენებთ, საინფორმაციო საშუალებებში გაჟღერებულ მეორე კომპანია შპს „გლობალ თრეიდ გუპის“ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებში მონაწილეობაზეც. აღსანიშნავია, რომ შპს „გლობალ თრეიდ გუპს“ ერთადერთი მიწოდება აქვს განხორციელებული 2017 წლის ნოემბერში, რომელიც 14.981 ლარის ღირებულების, სამედიცინო დანიშნულების ნემსების შეძენას ეხება.

უწყება ზედმიწევნით იცავს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და შესყიდვების კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, ასევე განუხრელად დაიცავს მის მოთხოვნებს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სტუდია „მონიტორის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი პეტრე დევრიშაძე 2010 წელს გრუსთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ოპერაცია „ენვერის“ დროს დაკავებული 13 პირიდან ერთადერთია, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობა აღიარა  და საჯაროდ დღემდე არ უარყვია. პეტრე დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება დაკავებიდან მალევე, 2011 წელს გაუფორმეს. პირი, რომელიც ოპერაცია „ენვერის“ ფარგლებში „გრუსთან“ თანამშრომლობას აღიარებდა, დღეს შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს მილიონობით ლარის ტენდერებს იგებს.

ბოლო სამ წელიწადში დევრიშაძის და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ 4 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. კომპანიები სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]