სპეციალისტის თქმით, შესაბამისი შეწამვლითი ღონისძიებებით შესაძლებელია მოსავლის რაოდენობისა და ხარისხის შენარჩუნება.
„თხილის კულტურაში გავრცელებულია სხვადასხვა მავნე ორგანიზმები. ესენია სოკოვანი დაავადებები, ასევე ბაქტერიული დაავადებები, სხვადასხვა მავნე მწერები. აუცილებელია, ფერმერების მხრიდან ამ მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ გატარებული იყოს შესაბამისი ღონისძიებები“, - აღნიშნა ნიკოლოზ მესხმა.
აბაშაში მცხოვრები ერთ-ერთი ფერმერის, ამელი გოგიშვილის თქმით, მოსახლეობა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებს იცავს და თხილი წელს უკვე მეოთხედ შეწამლეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 155 ათასამდე ჰექტარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და სოფლის ტერიტორიები, ხოლო ცივი შესხურებით – 4 000-მდე ჰექტარი.
აზიური ფაროსანას სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. სულ ღონისძიებები ჩატარდა 22 მუნიციპალიტეტის 382 სოფელში.
მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.