ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, კახაბერ საბანაძეს და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს შეხვდა, რის შემდეგაც შსს-ს ეზოში აქციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
„აქციის შეწყვეტა გადავწყვიტე, რადგან პირობა მივიღე. აქციას ესწრებოდნენ არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, არამედ ჩემი ადვოკატი და სახალხო დამცველი თავის თანამშრომლებთან ერთად“, - აღნიშნა სარალიძემ.
ზაზა სარალიძემ გუშინ, 2 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია დაიწყო. ის ითხოვს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცენ მიხეილ კალანდია, რომელიც ხორავას ქუჩაზე ბავშვებს შორის მომხდარი ჩხუბის მონაწილე და მკვლელობის საქმეზე მთავარი მოწმეა. აქციის დაწყებამდე ზაზა სარალიძე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვლადიმერ ბორცვაძეს შეხვდა. სარალიძის თქმით, შეხვედრაზე უთხრეს, რომ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ „მტკიცებულებები არ არსებობს და ვერ დაიჭერენ“. ხორავას ქუჩის საქმის სასამართლო განხილვების დროს ზაზა სარალიძე აცხადებდა, რომ მიხეილ კალანდიამ სასამართლოში ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა, რითიც დანაშაულის დაფარვას შეუწყო ხელი.