შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებისთვის შუქამრეკლი ჟილეტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ტენდერი 21 ივნისს გამოცხადდა. ტენდერის ღირებულება 105 000 ლარი იყო. შსს-ს განმარტებით, ტენდერი 3 ივლისს, კომპანიების შერჩევა/შეფასების ეტაპზე შეწყდა, რაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდამ განაპირობა.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საპატრულო პოლიციის რეფორმირების ეტაპზე დედაქალაქის ქუჩებში ქვეითი პატრულის კორპუსი ამოქმედდა. ზაფხულის სეზონის განმავლობაში ქვეით პატრულ-ინსპექტორთა რაოდენობას ეტაპობრივი გაზრდა იგეგმება“, - აცხადებენ შსს-ში.
პეტრე დევრიშაძე აცხადებს, რომ ტენდერის შეწყვეტა არ უკავშირდება სახელმწიფო ტენდერებში მისი მონაწილეობის გამო ხელისუფლების მისამართით კრიტიკას.
„ტენდერი ეხებოდა პოლიციელებისთვის 7 000 ცალი ამრეკლი ჟილეტის შესყიდვას. შესყიდვების დეპარტამენტმა ასე ჩათვალა, რომ შეწყვიტოს ტენდერი. არამგონია, ეს ჩემთან იყოს დაკავშირებული 2014 წლიდან 163 ტენდერში მაქვს მონაწილეობა მიღებული და მოგებული მაქვს, ალბათ, 40, დანარჩენი წავაგე. ყველა ძალას და ღონეს ვიხმარ, რომ აგენტის ლაქა, რას მომაკრეს, მომშორდეს“, - განაცხადა დევრიშაძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
ბიზნესმენი პეტრე დევრიშაძე 2010 წელს გრუსთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ოპერაცია „ენვერის“ დროს დაკავებული 13 პირიდან ერთადერთია, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობა აღიარა და საჯაროდ დღემდე არ უარყვია. პეტრე დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება დაკავებიდან მალევე, 2011 წელს გაუფორმეს.
სტუდია „მონიტორის“ ინფორმაციით, ბოლო სამ წელიწადში დევრიშაძის და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ - შპს „გლობალ თრეიდ გრუპმა“ და შპს „მარგიომ“ 4 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. კომპანიები სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მათ არ იცოდნენ, რომ ტენდერებში ჯაშუშობაში ბრალდებული იმარჯვებდა.