weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პანკისში „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს

16:04 ოთხშაბათი, 04 ივლისი 2018
ფოტო: პანკსისი სათემო რადიო / აქცია ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ფოტო: პანკსისი სათემო რადიო / აქცია ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), პანკისის ხეობის მაცხოვრებლების სახელით, სასამართლოში სარჩელი წარადგინა. სარჩელით ითხოვენ სოფელ ბირკიანთან, მდინარე ალაზანზე შპს „ალაზანი ენერჯის“ მიერ ჰიდროელექტროსადგურ „ხადორი 3“-ის მშენებლობისთვის გაცემული ნაბართვის ბათილად ცნობას და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას. სარჩელი წარდგენილია ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ.

საქმეში მოსარჩელეები ხეობაში მესამე ჰესის მშენებლობის შემთვევაში ხეობის უნიკალური ეკოლოგიური სისტემისა და სოციალური გარემოს დაზიანების მაღალ რისკებზე უთითებენ. მოსარჩელეები ხეობაში დამატებითი ჰესების მშენელობას საჯარო ინტერესების და ადგილობრივი თემის სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.

„სოფელ ბირკიანთან „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის შესახებ მოსარჩელეებმა სამშენებლო სამუშაოების ჩატარების პერიოდში გაიგეს. მანამდე მათ არ ჰქონიათ შესაძლებლობა სხვადასხვა საჯარო არხებით მიეღოთ ინფორმაცია ჰესის მშენებლობის პროცესის შესახებ და შესაბამისად, ჩართულიყვნენ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ საჯარო განხილვებში.

ჰიდროელექტროსადგურის - „ხოდორი 3“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით გაცემული მშენებლობის ნებართვა უკანონოა, რამდენიმე არგუმენტის გამო, მათ შორის:

  • ჰესის მშენებლობის ნებართვა (II სტადიაზე) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაიცა ისე, რომ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ჯერ კიდევ არ იყო გაცემული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მშენებლობის ნებართვის სავალდებულო წინაპირობაა;
  • საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ პასუხობს მსგავსი ობიექტების მშენებლობისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, მათ შორის სათანადოდ არ იკვლევს საპროექტო ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში არსებულ გარემოზე შესაძლო ზეგავლენას, რაც კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მათ შორის;
  • გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში არ შეიცავს დაგეგმილი საქმიანობის ტექნოლოგიის ალტერნატივების შესახებ ინფორმაციას. ამასთან გზშ ანგარიში არასათანადოდ აკეთებს დაგეგმილი საქმიანობის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასებას. გზშ-ს ანგარიშში წარმოდგენილი შეფასება მიწის საკუთრებასა და მის გამოყენებაზე, ასევე დასაქმებასთან დაკავშრებული ზემოქმედებები ზოგადად და დაუსაბუთებლად არის წარმოდგენილი;
  • გზშ-ს ანგარიშში არ არის წარმოდგენილი დეტალური კვლევები უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რასაც ადასტურებს როგორც თავად ანგარიშში არსებული ჩანაწერები, ასევე უშუალოდ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღებიდან 6 თვის შემდეგ ითვალისწინებს ისეთი კვლევების ჩატარების ვალდებულებას, რომელიც კანონმდებლობის თანახმად დადებითი დასკვნის გაცემისთვის უკვე უნდა იყოს დეტალურად აღწერილი გზშ-ს ანგარიშში;
  • გზშ-ს ანგარიშში რისკების შეფასების მიზნით ჩასატარებელი კვლევების/აღწერის მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ კოპირებულია სხვა ჰესების მშენებლობის მიზნით მომზადებული გზშ-ს ანგარიშიდან. მაგალითად, დამატებითი კვლევების გარეშე გადმოტანილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა, კუმულაციური ზემოქმედება, ზემოქმედება ბიოლოგიურ გარემოზე, სოციალურ-ეკონომიკური გარემო, ზემოქმედება წყლის ხარისხზე.

პანკისის ხეობის მაცხოვრებლების მდინარე ალაზანთან და მიმდებარე ბუნებასთან ღრმა ეკონომიკური და სოციალური ბმის პირობებში, კანონდარღვევით, სადავო აქტებით შეთანხმებული ჰიდროელექტროსადგურის „ხადორი 3“-ს აშენება მოსარჩელეებს და მთლიანად პანკისის ხეობის მოსახლეობას მიაყენებს გამოუსწორებელ ზიანს.

მოსარჩელეებისთვის და პანკისის ხეობის სხვა მაცხოვრებლებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულად დგას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შემთხვევაში მათი სასმელი/სარწყავი წყლის საკითხი, რომელსაც მდინარე ალაზნიდან იღებენ და მდინარე ალაზნის დიდი ნაწილის მილებში მოქცევის პირობებში არსებითი საფრთხის ქვეშ დადგება.

ჰესის მშენებლობის პირობებში მათ შორის საფრთხე ექმნება ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო ტერიტორიიდან რამდენიმე მეტრით დაშორებულ ბაწარა-ბაბანეულის ნაკრძალს, რომელიც ადგილობრივი ეკოსისტემის განსაკუთრებული ღირშესანიშნაობაა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალი არსებითად ტურიზმს უკავშირდება, ხეობის უნიკალური ეკოგარემოს დაზიანება კი ნეგატიურად აისახება რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე. პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის მტკივნეულად დგას ის საკითხიც, რომ პანკისის ხეობაში იგეგმება კიდევ რამდენიმე ჰესის მშენებლობა, რაც ზიანის მიყენების პროცესს კიდევ უფრო შეუქცევადს გახდის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობისთვის ცნობილია იგივე კომპანიის მიერ სხვა ხეობებში, მაგალითად „დარიალიჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანის თაობაზე.

დავის ფარგლებში EMC არსებითად იყენებს მწვანე ალტერნატივას მიერ ჰიდროელექტროსადგურის - „ხადორი 3“-ის მშენებლობისთვის გაცემული გზშ-ს ანგარიშის კრიტიკულ შეფასებას. მომავალში ორგანიზაცია სასამართლოს ასევე წარუდგენს დამატებით ექსპერტულ დასკვნას“, - ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

EMC მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თემის ბრძოლა გარემოს დაცვისა და სოციალური სამართლიანობის იდეისთვის მნიშვნელოვანი პროცესია და სოლიდარობას უცხადებს მათ.

 

ამ თემაზე:

პანკისში ჰესებს აღარ აგაშენებინებთ - გაფრთხილება ინვესტორს და მთავრობას ხეობიდან

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]