მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, მიმდინარეობს საგანგებო შტაბის სხდომა, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები იგეგმება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მღებრიშვილის თქმით, სოფელ ჭუბერში ვითარება კონტროლდება და ამ ეტაპზე ხეობაში, სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს. მისივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
5 ივლისს, ღამის საათებში, ხოკრილის მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას კალაპოტი ჩახერგა. მოგვიანებით, დაგროვილმა წყალმა მეწყერი გაარღვია და კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია მიმდებარე ტერიტორიის დიდი ნაწილი.
წინასწარი შეფასებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს აღწევს.