weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მთავაზობდნენ შეხვედრას, სადაც ჩემი ლიკვიდაცია ან დაკავება მოხდებოდა - მაჩალიკაშვილი

17:00 კვირა, 08 ივლისი 2018

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, რამდენიმე კვირის წინ, მას შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან კონსპირაციულ ბინაში შეხვედრა შესთავაზეს. მაჩალიკაშვილი ვარაუდობს, რომ ბინაში მისვლის შემთხვევაში მისი დაკავება ან ლიკვიდაცია იგეგმებოდა.

„ტელეფონზე უცხო ნომრიდან დამირეკეს. იყო ასეთი შემოთავაზება - გვინდა, რომ შეხვდეთ ბატონ გახარიას, თითქოს მას ჩემთვის ძალიან ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი თემირლანის მკვლელობის გარშემო დატრიალებულ ამბავთან და მე უნდა დავთანხმებულიყავი ამ შეთავაზებაზე. ვინც დამიკავშირდა, ეს ადამიანი სადღაც საეჭვო ადგილებში მყავდა ნანახი. როგორც დავინახე არ მომეწონა. ამ ადამიანს დედა ქისტი ჰყავს, მამა სხვა ეროვნებისაა. მას შორიდან ვიცნობდი. ჩვენ მუჰამედს ვეძახით. ჩემი აზრით, ამ ადამიანს იყენებდნენ, რადგან რაიმე განზრახვა ჩემს წინააღმდეგ მას არ ექნებოდა. მივხვდი, რომ მას სუს-ის წარმომადგენლები იყენებენ რაღაცაში. მითხრა, რომ ჰყავდა ახლო მეგობარი, რომელიც არის გახარიას ძალიან ახლო ნათესავი და იქიდან აქვს ეს შემოთავაზება. თითქოს მათ ჩემთვის სიკეთე უნდოდათ, რომ მე მივსულიყავი გახარიასთან და მისგან გამეგო ინფორმაცია. გადმოცემით ვიცოდი, რომ მუჰამედი იყო სირიაში ნამყოფი. მე მას ვხედავდი, რომ ხშირად მიდიოდა ჩემს მეზობელ რამაზ მარგოშვილთან, რომელიც ამჟამად დაკავებულია ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით.

ამ ადამიანს შევხვდი მარხვის თვეში. ღამის 11 საათზე, კანდელაკის 14-თან, რესტორანში. პირველი შეხვედრა შედგა იქ. მთავაზობდა სადღაც კონსპირაციულ ბინაში გახარიასთან შეხვედრას.  გახარიას უნდა ეთქვა როგორ დაიგეგმა ეს სპეცოპერაცია, სად დაიგეგმა, რა მიზნებს ისახავდა. მეორე შეხვედრაზაც შედგა ჩვენ შორის, მაგრამ არ დავთანხმდი კონსპირაციულ ბინაში წაყოლაზე“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, მესამე შეხვედრაზე მუჰამედს თან ახლდა ბესლან ლორსანოვი, რომელიც ინტერპოლით იძებნებოდა და მაჩალიკაშვილის თქმით, საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.

„მესამედ რომ შევხვდით, ამ ადამიანთან ერთად მოვიდა ჩემთვის შორიდან ნაცნობი ადამიანი, რომელიც ვიცოდი, რომ იყო ინტერპოლით ძებნილი, ცხოვრობდა 6-7 წლის განმავლობაში თბილისში, რომელსაც, ადამიანების გადმოცემით, ვიცოდი, რომ მფარველობდა კონტრდარვეზვა. ეს არის ბესლან ლორსანოვი. მას შორიდან ვიცობდი და ისიც ვიცოდი, რომ იყო თავისუფლება მინიჭებული. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის უხდიდა თანხას ძალოვნებს, რომ საქართველოში თავისუფლად ყოფილიყო. ბესლან ლორსანოვი რომ დავინახე, დავრწმუნდი, რომ ცუდად იყო ყველაფერი.

მათ შევთავაზე ასეთი რამ. მე თქვენთან ერთად არ წამოვალ, თუ ასე შეგტკივათ ჩემზე გული, ამოდით პანკისის ხეობაში, იქ შემახვედრეთ გახარიას მეთქი, უარი ვუთხარი და იქ დამთავრდა ყველაფერი. რადგან მე მქონდა ნათქვამი, უაზრო სიტყვას დავარქმევ ამას, რომ თავს ავიფეთქებდი, იფიქრეს, რომ ყველაფერი ხალხისთვის ადვილი დასაჯერებელი იქნებოდა. ჩემი ამ ადგილზე მიყვანის შემდეგ, მემგონი მოხდებოდა ან ჩემი ლიკვიდაცია და ხალხს დაანახებდნენ - აგერ ერთი ინტერპოლით ძებნილი ყაჩაღი და მკვლელი; აგერ მეორე სირიაში ნამყოფი ადამიანი (ამას არ ვამტკიცებ) და მესამე, რომელიც ამბობდა, რომ სუს-ის წინ თავს ავიფეთქებო. იტყოდნენ, ან დავიჭირეთ ან მაჩალიკაშვილმა თავი აიფეთქაო. ამ სცენარის გათამაშება უნდოდათ, როგორც მე გამომაქვს დასკვნა. სადაც შევხვდით იქ უნდა გადაეღოთ სურათები. მეორე დღეს ეს ორი ადამიანი (მუჰამედი და ლორსანოვი) აღმოჩნდნენ აქციაზე, რომლებიც იმ აქციაზე არასდროს მოდიოდნენ და ჩემი გულშემატკივრები არ ყოფილან. მოვიდნენ, რომ ისინი ჩემთან დაეკავშირებინათ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ყაზახეთის მოქალაქე ბესლან ლორსანოვი, რომელიც ეთნიკური ჩეჩენია, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 11 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ლორსანოვის ექსტრადირება საქართველომ ყაზახეთში განახორციელა.





Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]