ჯარისკაცი საავადმყოფოში დილით 9-დან 10 საათამდე პერიოდში შეიყვანეს.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის მძღოლი მირზა ჩიჩუა ორფოლოში, პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური წვრთნის ერთ-ერთი ეტაპის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის გულის უკმარისობით ახალციხის კლინიკა „უნიმედის“ რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მას გულის პირდაპირი მასაჟის სარეანიმაციო ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა კაპრალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის ახალციხის რაიონულმა სამმართველომ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.