weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მკვლელობაში ბრალდებულის დედა - ეგ ჩემი შვილის გაკეთებული არ არის

16:20 ორშაბათი, 09 ივლისი 2018

ხადის ხეობაში ამერიკელების მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მალხაზ კობაურის დედა ამბობს, რომ შვილი ტელეფონით ბოლოს 7 ივლისს დაუკავშირდა და უთხრა, რომ თვითონ კარგად იყო, მაგრამ ხეობაში დიდი უბედურება მოხდა.

„მე დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი მაგას არ ჩაიდენდა. ძალიან ვთხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიკვლიოს წესიერად ეს საქმე და გამაგებინონ სწორი პასუხი. ერთი ეგ მაინტერესებს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეგ ჩემი შვილის გაკეთებული არ არის. ბოლოს 7 ივლისს დამირეკა, დილით. ვესაუბრე, მოვიკითხე, როგორ ხარ მეთქი და ასე მითხრა, მე კარგად ვარ, ძალიან დიდი უბედურება მოხდა, ტურისტები დახოცესო.

აი ეს იყო ჩვენი ლაპარაკი. ბევრი ხალხი ტრიალებსო“, - ციტირებს ტელეკომპანია „იმედი“ ბრალდებულის დედის კომენტარს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხადის ხეობაში, ამერიკის მოქალაქის, 43 წლის რაიან სმიტის და მისი 4 წლის შვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია 1998 წელს დაბადებული მალხაზ კობაური, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა.

შსს-ს განცხადებით, მკვლელობა 4 ივლისს მოხდა. ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის შვილს. ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის პირას, 6 ივლისს იპოვეს, მამაკაცის ცხედარი 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბავშვის ცხედარს კი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შსს-ს ცნობით, ბრალდებულს ის ზვავში ჰყავდა დამარხული.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდება.

რაიან და ლორა სმიტები მარნეულში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.

რაიან სმიტი ოჯახის წევრებთან ერთად ხშირად ლაშქრობდა. ხადის ხეობის მცხოვრებლების თქმით, ამერიკელებს კარავი სოფელ წკერესთან ახლოს ჰქონდათ გაშლილი. ისინი ჩანჩქერთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე 19 წლის მწყემსმა მიაცილა, რომელიც ხადის მცხოვრები არ არის.

ხადის ხეობის მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ქალის მიმართ ძალადობა გახდა, რასაც ქმარი შეეწინააღმდეგა.

მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური წარმოშობით ახალგორის რაიონიდან არის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისი ოჯახი მცხეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]