weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სირიიდან საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე მებრძოლი დაბრუნდა

19:40 ორშაბათი, 09 ივლისი 2018

სირიიდან საქართველოში დაბრუნდა რამდენიმე პირი, რომელიც „რეგინფოს“ ინფორმაციით, 2015-2017 წლებში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა.

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების და მათი ოჯახის წევრების საქართველოში დაბრუნების შესახებ „რეგინფომ“ ერთი თვის წინ შეიტყო, თუმცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს ინფორმაცია უარყო.

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლები დაბრუნდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, მოხდება მათი სისხლის სამართლებრივი დევნა და მათ ადგილზევე დააკავებენ სამართალდამცველები“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა.

„რეგინფოს“ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი, ოჯახის წევრებთან ერთად საქართველოში თურქეთიდან 2018 წელს შემოვიდა. ისინი ქვემო ქართლში - წალკის მუნიციპალიტეტში, აჭარასა და პანკისში ცხოვრობენ.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ცნობილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადგილობრივი თანამშრომლებისთვისაც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, იმის დასადასტურებლად, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს საქართველოში ჩამოსვლისთანავე აკავებენ, რამდენიმე ფაქტი მოჰყავს.

სუს-ის განცხადებით, 2015 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩამოსვლისთანავე დააკავეს დავით ბორჩაშვილი, ხოლო 2016 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს შარხან მარგოშვილი: „ისინი უშუალოდ მონაწილეობას იღებდნენ სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში და გაწევრიანებულები იყვნენ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში“. ორივე მათგანს სასამართლოს განაჩენით 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სუს-ის ინფორმაციით, 2017 წელს, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და მათ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, დაუსწრებლად სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქე თამაზ ჭაღალიძე, რომელმაც ღია წყაროებით, არაერთი მუქარის და მოწოდების შემცველი ვიდეომასალა გაავრცელა. მასზე ძებნა გამოცხადდა და ამჟამად სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს მოქალაქე აიუფ ბორჩაშვილის და მისი თანამზრახველების ბრალდების საქმესაც იხსენებს. სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი პასუხისგებაში მისცეს ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისთვის გადაბირების, ტერორისტულ საქმიანობაში მათი დახმარების და გაერთიანების ბრალდებით. სუს-ის განცხადებით, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში აიუფ ბორჩაშვილთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს მისი თანამზრახველი სამი პირი, რომლებიც მიემგზავრებოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში. აიუფ ბორჩაშვილს სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა 2017 წლის აპრილში, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენები მნიშვნელოვნად შესუსტდა და „სულ უფრო ნაკლები ახალგაზრდა ინტერესდება ტერორისტული ორგანიზაციის იდეოლოგიითა და ე.წ. რელიგიური შეხედულებებით“.

სხვადასხვა მონაცემებით, საქართველოდან სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში 50-ზე მეტი ადამიანი იბრძვის.

პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს 26 პანკისელი ემსხვერპლა. საქართველოს სხვა რეგიონებიდან სირიაში გარდაცვლილთა შესახებ მედიაში მონაცემები არ არსებობს.

 

ამ თემაზე:

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები უკან ბრუნდებიან – WASHINGTON POST

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]