weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო „ლეოგრანდის“ დახურვას ითხოვს

14:03 სამშაბათი, 10 ივლისი 2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო და სამორინე „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას ითხოვს. სამსახურში განაცხადეს, რომ 2018 წელს სასტუმროში სამჯერ ჩაატარეს სახანძრო-ტექნიკური შემოწმება და გასცეს 43 რეკომენდაცია, რომელთა უმრავლესობა სასტუმროს ხელმძღვანელმა არ შეასრულა. სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციისა და გადარჩენის შესაძლებლობას. ​

„გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი, სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა. ​კვლავ ვერ ხერხდება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისადმი დადგენილი ნორმების რეალიზება, რაც ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის სწრაფად გავრცელების საშიშროებას ქმნის. შენობაში არ შექმნილა საევაკუაციო გზებისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურა და გაურკვეველია, როდის დამონტაჟდება სართულების დამაკავშირებელი გარე საევაკუაციო კიბე. ეს დარღვევების მცირედი ჩამონათვალია, რომლის გამოსწორებისთვის სასტუმროს ადმინისტრაციას არაერთხელ მიეცა გონივრული ვადა“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყებაში განმარტავენ, რომ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, დაუშვებლად მიაჩნდათ შენობის ექსპლუატაციაში შესვლა, თუმცა, სასტუმროს ადმინისტრაციამ, 17 მაისს, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნისა და 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმროში მომხდარი ხანძრის შედეგების სრული იგნორირებით, მუშაობა განაახლა.

„​სასტუმროს ადმინისტრაციამ სამჯერ შემოწმებისა და დაჯარიმების მიუხედავად, დღემდე ვერ წარმოადგინა კონკრეტული გეგმა, როგორ აპირებს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას შენობაში.

სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების კუთხით არსებული საგანგაშო მდგომარეობა, უმნიშვნელო ხანძრის შემთხვევაშიც კი, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ადამიანების სიცოცხლეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიმართა სასამართლოს, რათა განჩინების საფუძველზე, სასტუმრო და სამორინე „ველმონდის“ შენობას შეუჩერდეს ექსპლუატაცია და დაცული იყოს მოქალაქეების უსაფრთხოება“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

24 ნოემბერს, „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. მომხდარის შემდეგ სასტუმრო და სამორინე რამდენიმე თვის განმავლობაში დახურული იყო. მუშაობის განახლების მოთხოვნით, თანამშრომლები საპროტესტო აქციებს მართავდნენ. სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით 23 მარტს, სასტუმროს თანამშრომლები – თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფატი იაუზი და საქართველოს მოქალაქე გიორგი მიქელაძე დააკავეს. მათ წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]