weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხადის ხეობაში ამერიკელების მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

17:57 სამშაბათი, 10 ივლისი 2018

ხადის ხეობაში რაიან სმიტის, მისი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 19 წლის მალხაზ კობაური თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბრალდებულის ადვოკატის, ალუდა ბუჩუკურის განცხადებით, მალხაზ კობაურს ბრალდების მხარისგან განსხვავებული ვერსია აქვს.

„შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და მასთან შევათანხმე პოზიცია. იგი გარკვეულ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ამ დროისთვის საჯარო განცხადებებისგან თავს ვიკავებთ. თუმცა, ბრალს არ აღიარებს, თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი ვერსია ნამდვილად განსხვავებულია, ვიდრე, ბრალდების მხარის ვერსია“, - განაცხადა ალუდა ბუჩუკურმა, რომელიც მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში მალხაზ კობაურს ესაუბრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხადის ხეობაში 43 წლის რაიან სმიტის და მისი 4 წლის შვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულმა მალხაზ კობაურმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

შსს-ს განცხადებით, მკვლელობა 4 ივლისს მოხდა. ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის შვილს. ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის პირას, 6 ივლისს იპოვეს, მამაკაცის ცხედარი 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბავშვის ცხედარს კი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შსს-ს ცნობით, ბრალდებულს ის ზვავში ჰყავდა დამარხული.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური წარმოშობით ახალგორის რაიონიდან არის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისი ოჯახი მცხეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ხადის ხეობაში ის მწყემსად მუშაობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]