„მკვლელობის მოტივი, როგორც დღეის მდგომარეობით იკვეთება, არის ურთიერთშელაპარაკება. საფუძველი იყო იარაღის მოხმარების წესის დარღვევა, რაც არ მოეწონა გარდაცვლილ პიროვნებას. ანუ ამ იარაღს ისე ატარებდა ეს პიროვნება, რომ შესაძლოა საფრთხე შექმნოდა ბავშვს, რომელიც იმყოფება მის გვერდით, რის გამოც მან მიიღო შენიშვნა და სწორედ ამის გამო მოხდა შელაპარაკება“, - განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, მკვლელობის ჩადენის შემდეგ, მალხაზ კობაური დანაშაულის კვალის დაფარვას და სამხილების გადამალვას ცდილობდა.
მალხაზ კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მცხეთის რაიონული სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, რადგან, ბრალდების მხარის მტკიცებით, არსებობს ბრალდებულის მიერ როგორც მიმალვის, ისე ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
19 წლის მწყემსს ბრალად ედება ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების მქონე რაიან და ლორა სმიტების და მათ ოთხი წლის შვილის მკვლელობა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს, დაახლოებით 11:30 საათზე, დუშეთის რაიონში მდებარე ხადის ხეობაში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მალხაზ კობაური შეხვდა ტურისტებს რაიან სმიტს, მის მეუღლესა და 4 წლის შვილს, რომლებმაც სთხოვეს მათთვის ეჩვენებინა ხეობაში მდებარე ჩანჩქერი, რაზეც მალხაზ კობაური დათანხმდა. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, ერთ-ერთი ჩანჩქერის სიახლოვეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განაწყენებულმა მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან ორჯერ გასროლით მოკლა რაიან სმიტი, 4 წლის შვილისა და მეუღლის თანდასწრებით. ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, მან რაიან სმიტის ცოლის და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობა გადაწყვიტა. თავის გადასარჩენად ქალი ხევის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მალხაზ კობაურმა 4 წლის ბავშვი ასევე თოფიდან გასროლით მოკლა, რაიან სმიტის გვამი და გასროლილი მასრები მდინარეში გადააგდო, ხოლო ბავშვის ცხედარი, მათ კუთვნილ ნივთებთან ერთად შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებულ თოვლის ზვავის ქვეშ ბუნებრივად წარმოშობილ მცირე ზომის ქვაბულში გადამალა და შემთხვევის ადგილი დატოვა.
მალხაზ კობაურს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა).
ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.