„ერთ-ერთ დაშავებულს მუცლის ღრუში სითხე აქვს, აღენიშნება სხვა დაზიანებებიც, რის გამოც გადაუდებელი ოპერაცია მიმდინარეობს. მეორეს გულმკერდის ტრავმები და ნეკნების მოტეხილობა აქვს. როგორც მითხრეს, ესენი არიან ყველაზე მეტად დაშავებულები. შემთხვევის ადგილას კიდევ არის გასული სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა. სულ 5 ადამიანია დაშავებული და ველოდებით მათ შემოყვანას“, - უთხრა „რეგინფოს“ თელავის რეფერალური საავდმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 12 ივლისს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა - ბორტის ნომერი GBP– 10020, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან ავარიული დაშვება განახორციელა.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდნენ ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდა.
სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე დაშავებულების მოსანახულებლად თელავში მიემგზავრება. იგი მომხდარის დეტალებს ადგილზე გაეცნობა.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო, შემთხვევას გენერალური ინსპექციაც შეისწავლის.