გახარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დახმარებით, მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა გამომძიებელთა კვალიფიკაციის შეფასება და შემუშავდა გამომძიებელთა სპეციალური გადამზადების კურსი, რომელსაც ეტაპობრივად საქართველოს ყველა გამომძიებელი გაივლის.
„ამ სამინისტროში მოსვლის პირველივე დღიდან ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ გამოძიების კომპონენტის გაძლიერება იქნება ძირითადი მიმართულება ჩვენი რეფორმების და ეს არის ყველაზე საჭირო და ყველაზე აუცილებელი კომპონენტი. უკვე ჩაუტარდა ტესტირება სრულიად კორპუსს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების კორპუსი მყავს მხედველობაში. ეს გახლავთ 1104 ადამიანი, რამაც მოგვცა საშუალება გაგვეზომა მათი კვალიფიკაციის დონე, უკვე ჩატარებულია მათი დაკავებულობის ხარისხის შეფასება, მათი საქმეების რაოდენობის შეფასება და ასევე სირთულე ამ საქმეების. შესაბამისად ყველა ამ მოგროვებულ ინფორმაციის საფუძველზე უკვე შექმნილია საბაზისო კურსები გამომძიებლების გადასამზადებლად“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
გიორგი გახარიას თქმით, თითოეული გამომძიებელი, 1104 ადამიანი, გადამზადების კურსებს სექტემბრიდან გაივლის, რაც შსს-ს საშუალებას მისცემს შეაფასოს მათი კვალიფიკაცია და პოტენციალი.