მინისტრობის კანდიდატის თქმით, „ციფრული სკოლის კონცეფცია“ სწორედ ზოგადი განათლების ხარისხის გაძლიერებას მოემსახურება.
„ციფრული სკოლა გულისხმობს ციფრულ შინაარსსა და მასალას - ვიდეო და ონლაინ გაკვეთილებს, საგანმანათლებლო, სხვა სახის ციფრულ ლიტერატურას და ლაბორატორიებს. ცოდნის გადაცემის ეს საშუალება გაზრდის დამატებითი სასწავლო მასალების ხელმისაწვდომობას და მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებსაც დაეხმარება ისარგებლონ ყველაზე თანამედროვე და მაღალი ხარისხის ლიტერატურით, რომლითაც უცხოეთის წამყვან ქვეყნებში სწავლობენ. მოქნილი და მუდმივად განახლებადი სისტემის გამოყენება პლანშეტების და სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობითაც იქნება შესაძლებელი“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, გაანალიზდება საერთაშორისო წარმატებული სასკოლო მოდელები, რომელიც ეროვნულ მოდელში ინტეგრირდება. გარდა ამისა, მოხდება პედაგოგთა გადამზადება ახალი გეგემების შესაბამისად, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. მთავრობის დაპირების შესაბამისად კი, მოხდება პედაგოგების ფინანსური წახალისება.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, აქტიურ ფაზაშია სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესების პროცესი, როგორც ტექნიკური ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით. თუმცა, ამავდროულად, ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს როგორც ქართველი ავტორების, ასევე მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე მწერლების ლიტერატურა.