საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის განცხადებით, 2006 წლიდან მათ „საქნახშირში“ ათეულობით მილიონიანი ინვესტიცია განახორციელეს, აღდგა სრული საწარმოო პროცესი, სრულად შეიცვალა არსებული ინფრასტრუქტურა და დასაქმდა 1400 მეშახტე. მათივე ინფორმაციით, ბოლო წლებია კომპანია ყველაფერს აკეთებს უსაფრთხოების სისტემების გასაუმჯობესებლად, მაგრამ ტყიბულის შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე „საქნახშირში“ ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა.
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად, კომპანია „საქნახშირი“ უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
გამთენიისას ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 4 მეშახტე გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა. დაშავებულთაგან ორი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ისინი თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში არიან მოთავსებულნი.
ბოლო სამ თვეში მინდელის სახელობის შახტში 10 ადამიანი გარდაიცვალა. 5 აპრილს მომხდარ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა
მინდელის მაღაროში ქვანახშირს „საქნახშირი“ მოიპოვებს, რომელიც საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანიაა.