weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

„საქნახშირმა“ მინდელის შახტში მუშაობა მხოლოდ ორი კვირით შეაჩერა

11:57 ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტთან მეშახტეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, „საქნახშირის“ ხელმძღვანელობამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოები მხოლოდ ორი კვირით უნდა შეჩერდეს, ხოლო სარემონტო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდეს.

„დირექციამ წარმოგვიდგინა დოკუმენტი, რომ დღეიდან მუშაობა ჩვეულებრივად გაგვეგრძელებინა. იმის თავმოყვარეობაც არ აქვთ, რომ ჯერ ბიჭები არ დაუსაფლავებიათ, იქ სისხლია და ვერ ვამუშავებთო. პატარა ბავშვიც მიხვდება, უნდათ, უცხოელი ექსპერტები რომ ჩამოვლენ, იქ ყველაფერი გამზადებული დაახვედრონ. კვალის დაფარვა უნდათ“, – განაცხადა მეშახტემ.

მეშახტეების თქმით, კომპანია „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის, ჯამბულატ ჯაყელის ბრძანება ეწინააღმდეგება პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტა უნდა დაიხუროს. პრემიერის თქმით, იმ პერიოდში, როდესაც შახტები დახურული იქნება, იქ დასაქმებული ადამიანები სახელფასო ანაზღაურებას ჩვეულებრივად მიიღებენ.

„თუ პირდაპირ გავიგებთ იმას, რაც ბრძანებაში წერია, გამოდის, რომ პრემიერ-მინისტრის სიტყვები უგულებელყოფილია და შახტებში მუშაობა უნდა გაგრძელდეს. პრემიერმა გარკვევით აღნიშნა, რომ შახტები უნდა დაიხუროს და შეწყდეს ის სამუშაოები, რაც მიმდინარეობს შახტში. შეიძლება იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, რა მდგომარეობაშიც შახტების დახურვამდე ვიყავით“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

მეშახტეები „საქნახშირის“ მენეჯმენტის შეცვლა მოითხოვენ. მათი ინფორმაციით, დაღუპული მეშახტეების დაკრძალვის შემდეგ კომპანია საკადრო ცვლილებების განხორციელებასაც გეგმავს.

16 ივლისს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში მომხდარი აფეთქების შედეგად შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა ლაშა ფორჩხიძემ, იოსებ ქარქაშაძემ, მიხეილ გამეზარდაშვილმა და მურმან ლილუაშვილმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს და ადგილზე გარდაიცვალნენ. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ გვირაბში სავარაუდოდ მეთანი აფეთქდა, რასაც კედლების დეფორმაცია და ჭერის ჩამონგრევა მოჰყვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]