weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით თბილისსა და აჭარაში 10 პირი დააკავეს

14:56 ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და აჭარის რეგიონში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს. ამასთან, ე.წ. კანონიერ ქურდს, 1981 წელს დაბადებულ მინდია ლავასოღლის, კანონიერ ქურდობასა და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობაში ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

შს მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, ქურდული სამყაროს წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1956 წელს დაბადებული ივანე გიგიაძე; 1978 წელს დაბადებული იმედა აბაშიძე; 1979 წელს დაბადებული ჯამბულ ნაკაშიძე; 1983 წელს დაბადებული ბეჟან დეკანაძე; 1983 წელს დაბადებული მარად წითელაძე, 1980 წელს დაბადებული შოთა კეკელიძე და 1989 წელს დაბადებული ზაალ ახვლედიანი.

„დაკავებულები დაშინებით, მუქარით, იძულებით, ე.წ. ქურდული გარჩევით, დანაშაულის ჩადენის წაქეზებით და საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს საქმიანობაში.

1973 წელს დაბადებულ რამაზ კობახიძეს, 1993 წელს დაბადებულ ბადრი ქობულაძეს და 1992 წელს დაბადებულ გიორგი შავლიძეს ბრალი ედებათ ქურდული სამყაროს წევრობაში, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვასა და ძალადობაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ რამაზ კობახიძე, ბადრი ქობულაძე და გიორგი შავლიძე მიმდინარე წლის 29 იანვარს, ბათუმში მოქალაქე კ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, დიდ ოდენობით თანხის - 20 000 ლარის ე.წ. „ქურდული სამყაროს“ საწევროში გადახდას აიძულებდნენ.

რაც შეეხება ე.წ. კანონიერი ქურდს მინდია ლავასოღლის, ის საზღვარგარეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ქალაქ ბათუმში, იმედა აბაშიძის, შოთა კეკელიძის, ივანე გიგიაძის, მარად წითელაძის, ჯამბულ ნაკაშიძის და ბეჟან დეკანაძის საშუალებით ახორციელებდა ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობას.

ე.წ. კანონიერი ქურდი ლავასოღლი, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, საზღვარგარეთიდან, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, მის მიერ მართული ქურდული სამყაროს წევრის ივანე გიგიაძის მეშვეობით, 2018 წლის 17 ივნისს, ქალაქ ბათუმში დაუკავშირდა მოქალაქე რ.ც.-ს და ამ უკანასკნელის მიერ ქურდულ სამყაროში თანხის ჩარიცხვის საკითხთან დაკავშირებით მოაწყო ე.წ. ქურდული გარჩევა“, - განაცხადა შს კახა საბანაძემ.

მისივე თქმით, შსს აგრძელებს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, რომლის მიზანია ქვეყანაში „ქურდული სამყაროს“ და მასთან დაკავშირებული „კრიმინალური მენტალიტეტის“ სამუდამოდ აღმოფხვრა.

„მოგეხსენებათ სამინისტროს ინიციატივით „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდობისთვის“ სასჯელი გამკაცრდა, ხოლო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი დანაშაული გახდა.

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კანონიერი ქურდობის და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით საქართველოში 20-მდე პირია დაკავებული. ასევე, ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებულია სხვადასხვა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი - საქართველოს 119 მოქალაქე და 9 კანონიერი ქურდი“, - აღნიშნა საბანაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]