weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასამართლომ ე.წ. კანონიერ ქურდს, მინდა ლავასოღლის 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

13:12 შაბათი, 21 ივლისი 2018

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული მინდია ლავასოღლი (მინდია გორაძე) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ლავასოღლი საქართველოში არ იმყოფება.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2013 წელს, ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით, მინდია ლავასოღლი აღიარებული იქნა „კანონიერ ქურდად“, რის შემდეგ იგი ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად მართავდა და ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით.

მუქარით, დაშინებით და ქურდული გარჩევების გზით  აიძულებდა მოქალაქეებს შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები, ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა პირებისგან თანხების გამოძალვას, ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეკრებას და განაწილებას, ქურდული სამყაროსა და სხვა პირებისთვის სარგებლის მისაღებად წყვეტდა მეწარმე სუბიექტებსა და ფიზიკურ პირებს შორის წარმოშობილ დავებს. გარდა ამისა, 2014-2015 წლებში მინდია ლავასოღლის კავშირი ჰქონდა საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, რომლებისგანაც პერიოდულად იღებდა ინფორმაციებს კრიმინალურ სამყაროში არსებული ვითარების  შესახებ, აძლევდა მითითებებს ქურდული სამყაროსთვის ხელსაყრელი მდგომარეობის შესაქმნელად და სხვადასხვა პრივილეგიების მოპოვების მიზნით. ასევე, იღებდა გადაწყვეტილებებს შეგროვილი ე.წ. „ქურდული საერთოს“ შევსებისა და გადანაწილების საკითხებზე, არეგულირებდა ურთიერთობებს ქურდული სამყაროს წევრებს შორის.

2015 წლის 24 თებერვალს მინდია ლავასოღლი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ ავტორს და წამყვანს, გამოთქვა უკმაყოფილება 2015 წლის 14 თებერვალს სატელევიზიო ეთერში მის საქმიანობასთან დაკავშირებით გასული უარყოფითი სიუჟეტის (ინფორმაციის) გამო და დაემუქრა მას, რომ  შემდგომში  თავი შეეკავებინა ანალოგიური ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლავასოღლი, მოლდოვიდან დეპორტირების შემდეგ, 2016 წელს იანვარში „კანონიერი ქურდობის“ და ჯგუფური გამოძალვის ორგანიზების ბრალდებით დააკავა, თუმცა ბრალი არ დაუმტკიცდა და 2017 წლის ოქტომბერში საპატიმროდან გათავისუფლდა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდებოდა, ლავასოღლიმ საქართველოდან წასვლა შეძლო. არაოფიციალური ინფორმაციით, ის ამჟამად თურქეთში ცხოვრობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]