ამ დროისთვის თანამდებობაზე რჩება „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი.
ტყიბულში, მეშახტეთა პროფკავშირების ორგანიზებით აქცია დღეს გაიმართა. აქციის მონაწილეები 16 ივლისსა და 5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში 10 ადამიანის დაღუპვას აპროტესტებენ.
მათი მთავარი მოთხოვნა „საქნახშირის“ ხელმძღვანელი პირების თანამდებობიდან გათავისუფლება, ბოლო სამ თვეში მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევების ობიექტური გამოძიება და მეშახტეების გარდაცვალებაში დამნაშავე პირების დასჯაა.
ასევე, აქციის მოანწილეები ითხოვენ ტყიბულის შახტებში არსებული რისკების შეფასებას, ობიექტის სრულ მოდერნიზებას და იძულებითი მოცდენის მთელი პერიოდის განმავლობაში დასაქმებულებისთვის ხელფასს სრულად ანაზღაურებას. მეშახტეები ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრასაც ითხოვენ.
ტყიბულში საპროტესტო აქცია ხვალ, 12:00 საათზე განახლდება. ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი მანამდე არ შეწყდება, ვიდრე მთავრობა და „საქნახშირი“ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
16 ივლისს, მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში მომხდარი აფეთქების შედეგად შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატები ლაშა ფორჩხიძე, ბადრი ქარქაშაძე, მიხეილ გამეზარდაშვილი და მურმან ლილუაშვილი დაიღუპნენ. ორი დაშავებული კი ამ დრომდე თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაშია მოთავსებული. იმავე შახტში 5 აპრილს ექვსი მეშახტე გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.