საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით.
ბრალდებული პოლიციელი ფოთის კლინიკური საავადმყოფოს თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული.
„პაციენტი კლინიკაში შემოვიდა, დილის 05:15 წუთზე. გარეგნული დათვალიერებით მას აღენიშნებოდა შუბლის არეში ჰემატომა. ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და დიაგნოსტიკა. პაციენტის დიაგნოზია ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და ტვინის შერყევა. იმყოფება დაკვირვების ქვეშ“, - აღნიშნა ფოთის ცენტრალურის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.
22 წლის ახალგაზრდა გვიან ღამით, ფოთში ერთ-ერთი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხვას ცდილობდა, რა დროსაც მისი დაკავება პოლიციამ სცადა. შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. შსს-ს განცხადებით, პოლიციელმა თავდასხმის მოგერიების მიზნით, სამსახურებრივი იარაღიდან გაისროლა და დასაკავებელი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.