weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პანკისის ხეობაში უხუცესებისა და ახალგაზრდების ახალ საბჭოს ქმნიან

21:30 ორშაბათი, 23 ივლისი 2018
ფოტოზე მურაზ გოდერძიშვილი ფოტოზე მურაზ გოდერძიშვილი

პანკისის ხეობაში უხუცესებისა და ახალგაზრდების ახალი საბჭოს შექმნის შესახებ სალაფიტური თემის წარმომადგენელმა მურაზი გოდერძიშვილმა (მუსა პანკისელმა) დუისში გამართულ აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალ საბჭოში 15 უხუცესთან ერთად, 15 ახალგაზრდაც იქნება.

ახალი საბჭოს შექმნის კიდევ ერთი მხარდამჭერის, შენგელი ტოხოსაშვილის განმარტებით, მოქმედი უხუცესთა კავშირის წევრები არ არიან ხალხის არჩეულები და ისინი არ გამოხატავენ მოსახლეობის ინტერესებს.

„უხუცესთა საბჭოს მიმართ უნდობლობა ძალიან გაიზარდა და საზოგადოებაში ლეგიტიმაცია ნაკლები აქვთ. ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი თავიდან უხუცესთა კავშირიც იყო და სწორედ მათი მოწოდებით დავიწყეთ საპროტესტო აქციები. შემდეგ ისინი დაიბარეს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე და მერე გაწყვიტეს მოსახლეობასთან კავშირი. ჩვენს შემოთავაზებაზე ისინი საერთოდ არ გამოდიან კონტაქტზე და სრულ იგნორს გვიკეთებენ პანკისში მოღვაწე აქტიურ ჯგუფს. მათი მხრიდან ჩვენი მისამართით ისმის უსაფუძვლო ბრალდებები, ვითომ ჩვენ ვართ „სოროსის ფონდის“ დაფინანსებული და „მწვანე ალტერნატივას“ წევრები, ვითომ ჩვენ გვამოძრავებს პირადი ინტერესები და არა მომავალი თაობისთვის ხეობის შენარჩუნება“, - ციტირებს პანკისის სათემო რადიო WAY შენგელი ტოხოსაშვილის კომენტარს.

მისივე თქმით, ახალი საბჭო მოსახლეობაში ავტორიტეტული უხუცესებით და აქტიური ახალგაზრდებით დაკომპლექტდება, რომელთა მიზანი სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება იქნება, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვა.

პანკისის უხუცესთა კავშირის ხელმძღვანელ პირთა მიმართ უკმაყოფილება ძირითადად ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხს უკავშირდება. პანკისში უკვე რამდენიმე აქცია გაიმართა „ხადორი 3“-ის მშენებლობის წინააღმდეგ. 29 ივნისს, აქციის მონაწილეებმა ჰესის სამშენებლო სამუშაოებიც შეაჩერეს. აქციების ორგანიზატორები სალაფიტური თემის ლიდერები არიან. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მდინარე ალაზანში წყალი აღარ დარჩება, ხეობა აღარ იქნება ტურისტებისთვის მიმზიდველი, მოსახლეობას სასმელ წყალთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნება, გაიზრდება მაღალი ძაბვის ხაზებიდან დაავადებების გავრცელების რისკი და ა.შ.

უხუცესთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერი ხასო ხანგოშვილი მიიჩნევს, რომ ახალი საბჭო „ვაჰაბიტების“ მიერ იქნება კონტროლირებული:

„მათ (სალაფიტებს) უნდათ მთელი ხეობა აიღონ ხელში, მაგრამ ჩვენ მათ იდეოლოგიას არ ვეთანხმებით და ვიდრე ცოცხალი ვიქნები, კავკასიურ ადათებს არ ვუღალატებ. რაც შეეხება ჰესებს, ახმეტაში როცა გაიმართა შეხვედრა, ყველა მათ კითხვაზე, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა გასცეს პასუხი, რომ მათი შიშები თითქოს წყალი დაშრება, პანკისი უდაბნო გახდება და ა.შ. საფუძველს იყო მოკლებული.

სახელმწიფო ამ ჰესებს სავარაუდოდ მაინც ააშენებს, ჩვენ გვინდოდა ასეთ შემთხვევაში ხეობას, მოსახლეობას მეტი სარგებელი მიეღო“.

„აქამდე დამუნჯებულები იყვნენ და ახლა გაახსენდათ ხეობა? როდესაც ლაფანყურის ამბები იყო, მაშინ სად იყვნენ? სირიაში ახალგაზრდებს რომ აგზავნიდნენ, ოცზე მეტი ახალგაზრდა რომ დაიღუპა, მაშინ სად იყვნენ? შექმნან ახალი საბჭო, ოღონდ კარგი საქმე გააკეთონ. დავინახავთ, რა შესაძლებლობები აქვთ. არავის გვითქვამს, რომ ჰესი უნდა აშენდეს, მაგრამ ვერ დავდგებით იმ ადამიანების გვერდით, ვისაც კრიმინალური წარსული აქვს. როცა საკითხი ეხება ხეობას, ყოველთვის მის სადარაჯოზე ვიქნებით. 2015 წელსაც შექმნეს უხუცესთა კავშირის ალტერნატივა, ხელისუფლების ჩარევით, მაგრამ რა გამოუვიდათ? ამათაც ვინმეს დირექტივა ექნებათ“, - ამბობს პანკისის უხუცესთა კავშირის გამგეობის წევრი, ზაურ გუმაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]