ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ გომბორის გზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები მას შემდეგ შეისწავლა, რაც ივნის-ივლისში, ამ გზაზე დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი, 5 კი დაიღუპა.
შესწავლის შედეგად სპეციალისტებმა არაერთი სერიოზული დარღვევა გამოავლინეს.
მათი დასკვნით, თბილისიდან გომბორის მიმართულებით, გადასახვევთან, წრიული მოძრაობის ინფრასტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ შეუძლებელია გზის ამ მონაკვეთის გავლა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გარეშე. არსებული მონიშვნა საფრთხის შემცველია საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილისთვის, მათ შორის ქვეითებისთვის.
ერთ-ერთ ასეთ მაგალითად სპეციალისტები დასკვნაში გზის მე-16-ე და მე-17-ე კილომეტრებზე არსებულ წყვეტილ ხაზს უთითებენ, რომელიც დახაზულია მკვეთრ სახიფათო მოსახვევებში - "ანუ საგზაო მონიშვნა გასწრების ნებას რთავს სატრანსპორტო საშუალებას იქ, სადაც საპირისპირო მიმართულებიდან მოძრავი ავტომობილი საერთოდ არ ჩანს 50-100 მეტრის დაშორებითაც კი".
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე პოლიციის მიერ საერთოდ არ წარმოებს სიჩქარის კონტროლი. არსად გვხვდება კამერები-რადარები. დასკვნის მიხედვით, საპოლიციო კონტროლი სუსტია, რის გამოც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა უმრავლესობა რეაგირების გარეშე რჩება.
უსაფრთხოების არანაირი ზომა არ არის მიღებული მეწყერსაშიშ ადგილებზე, შესაბამისი საგზაო ნიშნებიც კი არ არის განთავსებული.
მეწყრულ ადგილას გზა ჩაწეულია, წარმოქნის ტალღოვან ზედაპირს და ართულებს საჭის დამორჩილებას. გომბორის გზის მთელ მონაკვეთზე, საერთოდ უგულებელყოფილია ქვეითთა არსებობა და იქ სადაც მოწყობილია „ქვეითთა გადასასვლელები“ არ შეესაბამება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასაც კი.
გაუქმებული და განადგურებულია საფეხმავლო ბილიკები, რის გამოც მოსახლეობა საავტომობილო გზის უკიდურესად საფრთხის შემცველ მონაკვეთებზე გადაადგილდება.
საგზაო მონიშვნები აღარ აღიქმება. საგზაო ნიშნები საერთოდ არ არის განთავსებული გზის მნიშვნელოვან მონაკვეთებზე, რაც მძღოლს აუცილებელი ინფორმაციის გარეშე ტოვებს. ზოგიერთ ადგილას საგზაო ნიშანი გზის მარცხენა მხარეს არის განთავსებული, ნაცვლად მარჯვენა კიდისა.
არ არის გათვალისწინებული „ვირაჟი“ (გზის შიგნით დახრა), რაც ავტომობილებისთვის ხევში გადავარდნის რისკს ზრდის.
გზაზე არსად არის მოწყობილი შემაღლებული ჩიხი ავარიული სიტუაციის პრევენციისთვის, რაც ასეთი გზისთვის აუცილებელია.
მოუწესრიგებელია გზის გვერდულები. დამტვრეულია სასიგნალო ბოძკინტები და დაზიანებულია შუქამრეკლები, რაც ართულებს გზის პარამეტრების აღქმას ღამის საათებში.
გზის არაერთ მონაკვეთზე დაზიანებულია ლითონის თვალამრიდები და ბარიერული შემოღობვები, ზოგიერთ ადგილას ტროსები საერთოდ ჩახსნილია.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზა მოუვლელია.
გზის 50-ე კილომეტრზე, იქ, სადაც 9 ივნისს, თბილისიდან თელავში ექსკურსიაზე მიმავალი, ბავშვებით სავსე მიკროავტობუსი გადავარდა, სახიფათო მოსახვევამდე 15-20 მეტრის დაშორებით, გზაზე არის ორმო. დაღმართში მძღოლები ცდილობენ ორმოს ავტომობილი აარიდონ და საპირისპირო მიმართულებით გადადიან, ამ დროს თელავიდან თბილისის მიმართულებით, მოსახვევიდან აღმართში ამომავალი ავტომობილისთვის რეაგირება თითქმის შეუძლებელი ხდება.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 12 რეკომენდაციით მიმართავს. ერთ-ერთი რეკომენდაცია გომბორის გზაზე ე.წ. "შავი წერტილის" ზონების აღმნიშვნელი დაფების განთავსებაა.
ასოციაციის თავმჯდომარის დავით მესხიშვილის განმარტებით, ტერმინში "შავი წერტილი" გზის ის კონკრეტული მონაკვეთები იგულისხმება, სადაც დროის მოკლე პერიოდში ბევრი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ხდება, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 50-ე კილომეტრი კი ზუსტად ასეთი ადგილია: "ევროპის კავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფოს პრაქტიკა გვეუბნება, რომ თუ 2 თვის განმავლობაში, გზის ერთსა და იმავე მონაკვეთზე ხდება თუნდაც 3 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, მას ენიჭება „შავი წერტილის“ სტატუსი. ექსპერტთა ჯგუფი სწავლობს პრობლემატურ ადგილებს; გეგმავენ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს (სიჩქარის შემანელებელი ბორცვის მოწყობა, ადგილის განათება, საგზაო მონიშვნებისა და საგზაო ნიშნების განთავსება, ლითონის თვალამრიდების მოწყობა და ა.შ.) გამომდინარე ინდივიდუალური საჭიროებიდან. ძლიერდება კონტროლი მოძრაობის წესების დამრღვევ მძღოლებზე (რადარი, კამერა). შესაბამისი საგზაო ნიშნებითა თუ საინფორმაციო სტენდებით იზრდება მძღოლის ინფორმირებულობის ხარისხი (მაგალითად-ელექტრონული დაფა: „შეანელე სვლა“). ნებისმიერ შემთხვევაში თავსდება საინფორმაციო დაფები, რომლებიც მძღოლებს ამცნობთ, რომ ისინი იმყოფებიან „შავი წერტილის“ ზონაში, სადაც გარდაიცვალა-დაშავდა X-რაოდენობა ადამიანებისა და შეანელონ სვლა, იყვნენ მაქსიმალურად ყურადღებით. ეს მისაღები ფსიქოლოგიური ზეწოლაა. ასეთმა მიდგომამ, ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს მოუტანა დადებითი შედეგი. ჩვენი გათვლით, საქართველოში მხოლოდ „შავი წერტილების“ მოწესრიგებით, შესაძლებელი გახდება გარდაცვლილებისა და დაშავებულების შემცირება 20-30%-ით".
გომბორის გზის დასკვნა სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ