სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს. თხილის პლანტაციების შემდეგ სიმინიდის ყანების წამლობა იწყება, ასევე, ქიმიური პრეპარატით სახელმწიფოს მიერ დამუშავდება მიმდებარე პერიმეტრები, ქარსაფარი ზოლები და ბუჩქნარები. ზურაბ ჩეკურიშვილი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ მავნებელი ციტრუსის ბაღებში გადაინაცვლებს, პრეპარატით ეს კულტურაც შეიწამლება.
„ეხლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც თითოეული მოსახლის, ფერმერის აქტიური ჩართულობა არის საწინდარი მაღალი და კარგი ხარისხის მოსავლისა. ამიტომაც თითოეულ მოსახლეს მოვუწოდებ, აქტიურად ჩაერთონ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებაში. რაც შეეხება სეს-ს, ჩვენ არ გავჩერებულვართ და არც გავჩერდებით. ჩვენ გადავედით უკვე სიმინდის ფართობების პრევენციულ ღონისძიებებზე. პერიმეტრებზე აქტიურად იწამლება ქარსაფარი ზოლები და ბუჩქნარები. როდესაც სიმინდი მსხმოიარობაში შევა, დაიწყება სიმინდის შეწამვლები, შემდეგ ჩვენ მზად ვართ, ასე ვთქვათ თუ მავნებელი გადაინაცვლებს ციტრუსებში, ციტრუსები დავამუშაოთ. ასე გავაგრძელებთ ოქტომბრის ჩათვლით მანამდე, სანამ ეს მავნებელი არ წავა გამოსაზამთრებლად“, - აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 270 ათას ჰექტრამდე ფართობი, ხოლო ცივი შესხურების აგრეგატით – 12 ათას ჰექტრამდე. ამასთან, მიმდინარეობს სიმინიდის საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება. სატრაქტორე აგრეგატებით უკვე შეიწამლა 10 ათას ჰექტრამდე ფართობი.
მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.