სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებმა დაათვალიერეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, მობილიზებული ტექნიკა და საშუალებები, მოისმინეს დეტალური ინფორმაცია შტაბის ფუნქციონირების, მონიტორინგის შედეგების, გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
მეცნიერებთან შეხვედრას ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა სამეცნიერო წრეებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი რანგის მეცნიერების სტუმრობა საკოორდინაციო შტაბში. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა პირდაპირ კავშირშია მეცნიერებასთან, მეცნიერულ კვლევებთან და, შესაბამისად, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სამეცნიერო წრეებთან. დეტალურად გავაცანით შტაბის მუშაობა, ყოველდღიური საქმიანობა, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ხელშესახები შედეგები გვაქვს - ფაროსანას პოპულაცია შემცირებულია, მინიმუმამდეა დაყვანილი გავრცელების რისკები სხვადასხვა რეგიონში და ვფიქრობ, რომ ეს არის სახელმწიფოს სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი“, - განაცხადა იური ნოზაძემ.
მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.