„შარშან ადგილობრივ არჩევნებში მომიწია მონაწილეობის მიღება, ქუთაისში. აი, იმდენი ფული დახარჯეს, ისე გააყალბეს... მაგრამ ამ, არც ვიცი რა ვუთხრა, ახლა ძალიან „ევროპულ საქართველოს" რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება რომ მაგათი გაკეთებულია და მერე ახლა გავიდნენ პარტიიდან და ჰგონიათ, ხალხს დაავიწყდება ეს უბედურება ვისი გაკეთებული იყო, ის შეცდომები და დანაშაულები... ეგენი და „ქართული ოცნება“, მაგათმა ფული დაახარჯეს... მაინც ვერ აიცილეს თავიდან მეორე ტური და მაინც მოვუგებდით, უბრალოდ ისე გააყალბეს, რომ ამ კლოუნადაში მონაწილეობის მიღება უკვე შეუძლებელი იყო“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ამ განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ დაარღვია შეთანხმება, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ 10 ივლისს გაფორმდა. ორი პარტიის წარმომადგენლებმა „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტთან, ჯოზეფ დოულთან ერთად ბრიუსელში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ მხარს დაუჭერენ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს, საარჩევნო კამპანიის დროს თავს შეიკავებენ ერთმანეთზე შეტევისა და კრიტიკისგან და არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან ხელისუფლების შეცვლის გზად არჩევნები მიაჩნიათ. შეთანხმებას „ევროპული საქართველოდან“ გიგა ბოკერია აწერს ხელს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბარამიძე.