weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ტელეშოუს „ჩემი სამზარეულოს წესების“ გამარჯვებული პანკისელი ქალების გუნდი გახდა

22:58 ორშაბათი, 30 ივლისი 2018

პანკისელმა ქალებმა ნატო ქავთარაშვილმა და მედიკო მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კულინარიულ ტელეშოუში „ჩემი სამზარეულოს წესები“ გაიმარჯვეს და 100 ათასი ლარი მოიგეს. ფინალურ შოუში მათ ზუგდიდის გუნდი დაამარცხეს.

მედიკო და ნატო თანამშრომლები არიან. ისინი პანკისში, არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდში მუშაობენ. მედიკო კულინარიულ კურსებს უძღვება, ნატო კი ახალგაზრდებთან მუშაობს. კულინარიულ შოუში მონაწილეობა ვაინახური სამზარეულოს პოპულარიზაციის და პანკისის ხეობის პოზიტიური კუთხით წარმოჩენის მიზნით მიიღეს. სწორედ ტრადიციული და ბევრისთვის უცხო კერძებით მოიპოვეს მკაცრი ჟიურის კეთილგანწყობაც.

პირველ გადაცემაში მედიკომ და ნატომ „ჯიჯიგ გალნაშ“ (შებოლილი ხორცი და მოხარშული ცომი ნივრის საწებლით) და ჩეჩნური ჰალვა მოამზადეს. მეორე ტურში ჟიურის „კალდეელთ გალ“ შესთავაზეს, ანუ მოხარშული მჭადი და ხაჭოერბო მწვანე სოუსთან ერთად, ასევე აჯაფსანდალი და ცხვრის ნეკნები, დესერტად კი ისევ ჩეჩნური ჰალვა, ოღონდ ჟოლოს სოუსით.

„ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართლა, რომ ჟიურის წევრები ქისტურ-ჩეჩნურ სამზარეულოს არ იცნობდნენ. ამანაც იქონია გავლენა, რადგან როცა კერძი არსად გაქვს გასინჯული და მერე გემო ძალიან მოგეწონება, ეს არის აღმოჩენა. ზუსტად ამას ემსახურება ეს პროექტიც, აღმოაჩინონ ახალი და გემრიელი კერძები“, - უთხრა ნატო ქავთარაშვილმა პანკისის სათემო რადიოს.

ფინალურ ტურში გადასასვლელად პანკისელმა ქალებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს.

„ბოლო გადაცემაში მოვამზადეთ „ღააბაქხ ხინგალიშ“- ეს არის იგივე ხაჭაპური გოგრის შიგთავსით, რომელიც ჟიურის წევრებს ძალიან მოეწონათ. მთავარ კერძად გვქონდა„მაამტიშ“ – ცომში მოთავსებული ფარში, რომელიც ორთქლზე იხარშება და პომიდვრის, ხახვის და ბულგარულის სოუსთან ერთდ მიირთმევა. ეს კერძი რამდენად ჩვენია და ტრადიციული, ვერ გეტყვით, მაგრამ მე მხოლოდ ჩეჩნეთში გამისინჯავს და აქ, პანკისშიც ჩეჩენმა ლტოლვილმა ქალებმა გვასწავლეს წლების წინ. ხშირად ვაკეთებთ ხოლმე მეც და მედიკოც. რაც შეეხება დესერტს, არ იყო ტრადიციული, მაგრამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა თხილეულის ბისკვიტმა ფორთოხლის და ლიმნის სოუსში. ჟიურიმ იმდენად დადებითად შეგვაფასა, ერთი სული მქონდა, კიდევ ერთხელ მომესმინა“, - აღნიშნავს ნატო.

არ ელოდნენ, რომ ტელეშოუს გამარჯვებულები გახდებოდნენ. მედიკოს თქმით, ის ფოქრობდა, რომ შოუს რომელიმე ეტაპიდან გამოეთიშებოდნენ:

„ჩვენი მთავარი მიზანი იყო არა ფულის მოგება, არამედ ის, რომ საქართველოში სცოდნოდათ ქისტური სამზარეულოს შესახებ და ის მაყურებლისთვის ღირსეულად გაგვეცნო. გვიხარია, რომ გამოგვივიდა“.

პანკისელ ქალებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, მოგებულ თანხას რაში გამოიყენებენ.

ტელეშოუში „ჩემი სამზარეულოს წესები“ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გამარჯვებისთვის 10 გუნდი იბრძოდა. გასულ წელს, პროექტის პირველ სეზონშიც გამარჯვება კახეთის გუნდმა მოიპოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]