განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დანელიას ქუჩაზე.
„მაცივარი ცურავს, გაზი ცურავს, სარეცხი მანქანა ცურავს. ყველაფერი დამილპა. ეს პირველი შემთხვევა არ არის. რამდენი წვიმაც მოვა, ასეთი დღე გვაქვს. ეს მთავრობა წასულია ხელიდან, არაფრის მაქნისია“, - ამბობს მზია ხაზალია.
რთული მდგომარეობაა ვაჟა-ფშაველას ქუჩაზეც. ადგილობრივების ინფორმაციით, სატუმბი სადგურების მოსაწესრიგებლად ბიუჯეტიდან ათასობით ლარი დაიხარჯა, თუმცა გამართულად ვერ მუშაობს. ერთ-ერთი დაზარალებულის, რამაზ ცქიტიშვილის თქმით, ქუჩა მდინარე რიონის წყლით იტბორება, მერია ამის შესახებ ინფორმირებულია, მაგრამ პრობლემას არ აგვარებს.
„რეკლამა კი აქვთ ნამდვილად კარგი. „ფეისბუქზე“ დადებენ - გავწმინდეთ არხი, ნარგავები დავრგეთ... რად მინდა ნარგავი წყალში თუ დავიხრჩობი? რაც მაქვს ყველაფერი დალპება, ამინაზღაურებს ვინმე რამეს? აქ ვიღაცას წყალი შეუვიდა და 300 ლარი მისცეს. 300 ლარით 3 სკამს ვერ იყიდის კაცი“, - ამბობს დაზარალებული ნანა დავითაია.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, რომ გვიან ღამით ჭექა-ქუხილისა და ძლიერი წვიმის გამო ელექტრომომარაგება შეწყდა, რის გამოც შვიდივე სატუმბი სადგური გაითიშა.