„ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები. ვითარება ექვემდებარება კონტროლს. არცერთი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, ყინულის მასის მოწყვეტა მყინვარის დნობამ გამოიწვია. სააგენტოს ცნობით, ლეხზირის ენიდან დაახლოებით 400 მეტრში ადგილი ჰქონდა წყლის შეგუბებას, რომელიც ამ დროისათვის აღარ ფიქსირდება. მდინარე მესტიაჭალის ქვემო წელში მდინარე მულხურას შესართავთან ახლოს განთავსებული ჰიდროლოგიური სადგურის მონაცემებით მდინარეში წყლის დონე ნორმის ფარგლებშია.
მყინვარ ლეხზირიდან ყინულის მასა გუშინ ჩამოიშალა, რის შესახებაც ადგილობრივებს ტურისტებმა შეატყობინეს. ყინულის ჩამოშლის შედეგად მდინარე მესტიაჭალას ერთ-ერთი შენაკადი დაგუბდა. წყალმოვარდნის საფრთხის გამო მდინარის პირას მდებარე სოფელი ლალაიდი ქალებმა და ბავშვებმა დატოვეს. მოხდა „მესტიაჭალა“ ჰესის მშენებლობაზე დასაქმებული პირების ევაკუაციაც.